ქრთამის აღება

ქრთამის აღებისთვის ხელვაჩაურის საკრებულოში "ოცნების" დეპუტატი და მისი ნათესავი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით, ხელვაჩაურის საკრებულოში ქართული ოცნების წევრი ჯამბულ თავართქილაძე და მისი ნათესავი ზაზა თ. დააკავა. 

"ჯამბულ თ., ნათესავთან - ზაზა თ.-სთან შეთანხმებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 12 845,00 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაჰპირდა. კერძოდ, ჯამბულ თ.-ს უნდა უზრუნველეყო მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასაყიდად საკრებულოს სხდომაზე გატანა და დეპუტატების დაყოლიება საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, რის სანაცვლოდაც კვადრატულ მეტრზე მოითხოვა 4 აშშ დოლარი, საერთო ჯამში 51 380 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღო 1000 აშშ დოლარი" - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები