იემენი

Reuters: იემენში ჰუსიტმა ამბოხებულებმა აშშ-ის დრონი ჩამოაგდეს

Reuters

Reuters აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ გუშინ იემენში, ჰუსიტი ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი დედაქალაქის, სანას სამხრეთ-აღმოსავლეთით, დამარის მუჰაფაზას თავზე ამერიკული უპილოტო დრონი ჩამოაგდეს.

ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი ამბოხებულების სპიკერის თქმით დრონი მათმა საჰაერო დავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც იემენში აშშ-ის დრონი ჩამოაგდეს. ივნისში აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადების მიხედვით ჰუსიტმა ამბოხებულებმა ამერიკული დრონი ირანის დახმარებით ჩამოაგდეს.

შეგახსენებთ, რომ იემენში არეულობა 2011 წელს არაბული გაზაფხულის მოვლენების დროს მთავრობის გადადგომის შემდეგ დაიწყო. საუდის არაბეთის კოალიცია კონფლიქტში 2015 წელს ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ ჩაერთო, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ ირანი საუდის არაბეთის წინააღმდეგ იყენებს. გასულ თვეებში რიადის მახლობლად იემენიდან გასროლილი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს, რომლებიც სავარაუდოდ ირანული წარმოშობისაა. 2015 წლის შემდეგ იემენში კონფლიქტმა 10,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

აშშ საუდის არაბეთის კოალიციას, რომელშიც კიდევ 8 არაბული ქვეყანაა გაერთიანებული მილიონობით დოლარის იარაიღით ეხმარება და იემენში არსებულ ტერორისტულ ორგანიზაციებზე დრონებით თავდასხმებშიც მონაწილეობს.

კომენტარები