საუდის არაბეთმა იერიშები მიიტანა იემენის საპორტო ქალაქ ელ-მუქალაზე. საუდის არაბეთის ცნობით, სამიზნე იყო ტვირთი, რომელიც, მათივე ცნობით, მოიცავდა შეიარაღებას და არაბთა გაერთიანებულმა საამირომ სეპარატისტულ ძალებს გადასცა. საუდის არაბეთმა სეპარატისტების ბოლო პერიოდის წინსვლაში საამიროები პირდაპირ დაადანაშაულა და აბუ-დაბი გააფრთხილა, რომ მათი ქმედებები "ექსტრემალურად სახიფათო" იყო.
იერიშები საუდის არაბეთსა და საამიროების მიერ მხარდაჭერილ იემენის სამხრეთის გარდამავალი საბჭოს შორის მზარდი დაპირისპირების ახალი ეტაპია. ვითარება აუარესებს ურთიერთობას ერ-რიადსა და აბუ-დაბის შორისაც
მეზობელი ქვეყნები იემენის სამოქალაქო ომში განსხვავებულ, დაპირისპირებულ მხარეებთან თანამშრომლობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთში მრავალ საკითხზე მსგავს პოზიციებს იჭერენ, ერთმანეთთან ეკონომიკურ საკითხებზე დაპირისპირებულები არიან.
საუდის შეიარაღებული ძალების განცხადების მიხედვით, ელ-მუქალას პორტში ხომალდიდან გადმოიტანეს დიდი რაოდენობით შეიარაღება და საბრძოლო მანქანები, რომლებიც სამხრეთის გარდამავალი საბჭოსთვის იყო განკუთვნილი.
"იმის გათვალისწინებით, რომ ზემოხსენებული შეიარაღება წარმოადგენს დაუყოვნებელს საფრთეს და ესკალაციას, რომელიც ემუქრება მშვიდობასა და სტაბილურობას, კოალიციურმა საჰაერო ძალებმა ამ დილას ლიმიტირებული საჰაერო იერიშები მიიტანა, რომელთა სამიზნე იყო იარაღი და სამხედრო მანქანები, რომლებიც ელ-მუქალაში ორი ხომალდიდან ჩამოტვირთეს." - წერია განცხადებაში.
იემენის ანტიჰუსიტურმა ძალებმა იერიშების შემდეგ საგანგებო ვითარება გამოაცხადეს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თანამშრომლობა შეწყვიტეს და ტერიტორიიდან საამიროების ძალების ევაკუაცია გამოაცხადეს.
ელ-მუქალას პორტი გასულ დღეებში გარდამავალი საბჭოს ძალებმა დაიკავეს. ეს დასახლება ქალაქი ადენის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ადენი ანტიჰუსიტური ძალების მთავარი საყრდენია მას შემდეგ, რაც ჰუსიტებმა დედაქალი სანაა 2014 წელს დაიკავეს.
ალ-მუქალაში მიტანილ იერიშს წინ უძღოდა საუდის არაბეთის მიერ 26 დეკემბერს სამხრეთის გარდამავალი საბჭოს ძალებზე მიტანილ იერიში.
გარდამავალ საბჭოსთან დაკავშირებული ძალები ხშირად იყენებენ სამხრეთ იემენის დროშას. სამხრეთ იემენი 1967-1990 წლებში დამოუკიდებელი ქვეყანა იყო. მოძრაობის მხარდამჭერები იემენიდან სამხრეთ იემენის გამოყოფას უჭერენ მხარს.
იემენის სამოქალაქო ომში ჩართული არიან სხვადასხვა მხარეები. საუდის არაბეთის მიერ გაძღოლილი კოალიცია მხარს უჭერს გაეროს მიერ აღიარებულ მთავრობას. ირანი მხარს უჭერს ჰუსიტების მოძრაობას, რომელიც ქვეყნის დედაქალაქს აკონტროლებს. არაბთა გაერთიანებული საამიროები კი სამხრეთის გარდამავალ საბჭოს ეხმარება.





