იემენი

იემენელი სეპარატისტების ლიდერი ანტიჰუსიტური საბჭოდან გარიცხეს, ღალატში დაადანაშაულეს

აიდარუს ალ-ზუბაიდი

იემენის სამხრეთის გარდამავალი საბჭოს (STC) მეთაური, აიდარუს ალ-ზუბაიდი ანტიჰუსიტური ალიანსიდან, საპრეზიდენტო ხელმძღვანელობის საბჭოდან (PLC) გარიცხეს მას შემდეგ, რაც მან საუდის არაბეთში გაფრენაზე უარი თქვა. საბჭომ ის ღალატში დაადანაშაულა.

საპრეზიდენტო ხელმძღვანელობის საბჭოს წევრების დაგეგმილი მოგზაურობის წინ ალ-ზუბაიდი ფრენაზე არ გამოცხადდა. STC-მ გაავრცელა ცნობა, რომ მათი მეთაური ქალაქ ადანში იმყოფებოდა და ოპერაციების ზედამხედველობას აგრძელებდა. ჯგუფის განცხადებით, დელეგაციის უსაფრთხოება საუდის არაბეთის ხელში იქნებოდა და არსებული უსაფრთხოების ვითარების გამო ალ-ზუბაიდის ერ-რიადში მოგზაურობა მიზანშეწონილი არ იქნებოდა. 

STC-ის დელეგაცია საუდის არაბეთში ლიდერის გარეშე ჩავიდა. როგორც ჯგუფში ამბობენ, მას შემდეგ რაც ეს რეისი დაჯდა, მათთან კავშირი დაკარგეს, რასთან დაკავშრებით შეშფოთება გამოთქვეს. დელეგაციას იემენის სამხრეთის რეგიონების საკითხი უნდა განეხილა. ამას გარდა, STC-მ საუდის არაბეთი ელ-დალის პროვინციაში იერიშების მიტანაში დაადანაშაულა.

პარალელურად, საუდის არაბეთის სამთავრობო ტელევიზია ავრცელებს ცნობებს, რომ იემენის სამთავრობო ძალები ადენისკენ მიიწევენ.

რაშად ალ-ალიმის მიერ გაძღოლილმა PLC-იმ ალ-ზუბაიდი "რესპუბლიკის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების დაზიანებასა" და "შეიარაღებული ჯგუფის ფორმირებაში, შეიარაღებული ძალების ოფიცრებისა და ჯარისკაცების დახოცვაში" დაადანაშაულა.

გასულ ღამეს ალ-დალის პროვინციაში საუდის არაბეთმა 15-მდე საჰაერო იერიში მიიტანა. მათი სამიზნე STC-ს ბანაკები იყო, როგორც ამას თავად ჯგუფის წარმომადგენლები ამბობენ. 

4 იანვარს საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა საპორტო ქალაქ ალ-მუქალაზე კონტროლი აღადგინეს. ამ ქალაქს მცირე ხნის განმავლობაში სამხრეთის გარდამავალი საბჭოს ძალები აკონტროლებდნენ. აქამდე, გასულ კვირებში საუდის არაბეთმა საჰაერო იერიშები მიიტანა STC-სთვის არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ მიწოდებულ სამხედრო ტვირთზე. 

სამხრეთის გარდამავალ საბჭოს მხარს უჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროები. საბჭოსთან დაკავშირებული ძალები ხშირად იყენებენ სამხრეთ იემენის დროშას. სამხრეთ იემენი 1967-1990 წლებში დამოუკიდებელი ქვეყანა იყო. მოძრაობის მხარდამჭერები იემენიდან სამხრეთ იემენის გამოყოფას უჭერენ მხარს. STC იემენში გასულ თვეებში დაწინაურდა. შედეგად მათსა და საუდის არაბეთს შორის ვითარება გაუარესდა, რადგან საუდი მხარს უჭერს იემენის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას. ურთიერთობა გამწვავდა ერ-რიადსა და აბუ-დაბის შორისაც. მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთში მრავალ საკითხზე მსგავს პოზიციებს იჭერენ, ერთმანეთთან ეკონომიკურ საკითხებზე დაპირისპირებულები არიან.

იემენის სამოქალაქო ომში ჩართული არიან სხვადასხვა მხარეები. საუდის არაბეთის მიერ გაძღოლილი კოალიცია მხარს უჭერს გაეროს მიერ აღიარებულ მთავრობას. ირანი მხარს უჭერს ჰუსიტების მოძრაობას, რომელიც ქვეყნის დედაქალაქს აკონტროლებს. არაბთა გაერთიანებული საამიროები კი სამხრეთის გარდამავალ საბჭოს ეხმარება.

 

კომენტარები