შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტრო: საქართველოს ტურისტულ ობიექტებში რუბლში ვაჭრობის ფაქტები დადასტურდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მოკვლევის შედეგად, ნატახტარი-გუდაურის გზაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევები დადასტურდა, რომლის შესახებაც ინფორმაცია "აი, ფაქტმა" გაავრცელა. 

უწყების ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ფასის ლარით გამოხატვის წესის დაცვის მონიტორინგის ღონისძიებები.

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოვლენილია საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 84 ფაქტი. რაც შეეხება "გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება" ifact.ge -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური ვალუტით ვაჭრობის ფაქტს - აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის, როგორც მტკიცებულების, (გადაღებული ვიდეო მასალა) გათვალისწინებით"- აცხადებენ უწყებაში.

ასევე, უწყების ცნობით, ნატახტარი-გუდაურის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა მოკვლევა. კერძოდ, გადამხდელთა მიმართ ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები რის შედეგად, სააგენტოს მიერ მოწოდებული სამართალდარღვევის ფაქტები დადასტურდა.

"კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 20 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 9 ფაქტი და მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 7 შემთხვევა"- წერია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, მასალები ქვემდებარეობით გადაეგზავნება შესაბამის სასამართლოს, ხოლო საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 7 შემთხვევაში გადასახადის გადამხდელთა მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სანქციის სახით მათ შეეფარდათ გაფრთხილება.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ შეახსენებს მეწარმე სუბიექტებს, რომ ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, შესაბამისად, მოუწოდებს თავი შეიკავონ ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევისგან"- წერია საგადასახადოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები