რუსული ოკუპაცია

ევროკავშირი: გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ გუგუტიანთკართან ღობეების აღმართვა შეწყდეს

Emerging Europe

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობ​​ა სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა სოფელ გუგუტიანთკარის მახლობლად აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი ტერიტორიის მოსახლეობისთვის ხეხილის ბაღებისა და აგრეთვე წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთავს.
 
მათი თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ქმედების შეწყვეტას და ყველა შესაბამისი მხარის მიერ კომუნიკაციის არსებული მექანიზმების - ცხელი ხაზისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის აქტიურად გამოყენებას.
 
"ევროკავშირი კვლავაც მონაწილეობს და ჩართულია საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში, მათ შორის, ჟენევის დისკუსიებში თანათავმჯდომარეობის გაგრძელებით, სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე მუდმივი წარმომადგენლობის საშუალებით.
 
ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში"- წერია განცხადებაში. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადად, ორი ოჯახის რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

კომენტარები