ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ ბოლო კვირების მანძილზე მეექვსე სარაკეტო გამოცდა ჩაატარა

Forces.net

სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების ინფორმაციით, 16 აგვისტოს ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი რაკეტა გამოსცადა.

ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები 8:01 საათზე და 08:16 საათზე გამოსცადეს. რაკეტებმა, დაახლოებით, 230 კილომეტრი დაფარეს და შემდეგ იაპონიის ზღვაში ჩაეშვნენ.

ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები აღმოსავლეთ სანაპიროდან თონგჩონიდან გაისროლეს, რაც სამხრეთ კორეის საზღვრიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. 

სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეს მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები იყო. 

ბოლო კვირების მანძილზე ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ სარაკეტო გამოცდის ჩატარების მეექვსე შემთხვევაა.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეის ბოლო სარაკეტო გამოცდა 9 აგვისტოს ჩაატარა. სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ კიდევ 2 რაკეტა გამოსცადა. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს მცირე რადიუსის რაკეტები იყო. 

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნმა იაპონიის მმართველობისგან კორეის გათავისუფლების დღეს თქვა, რომ 2045 წლამდე კორეის ნახევარკუნძული გაერთიანდებოდა - "ახალი კორეის ნახევარკუნძული, რომელიც მშვიდობასა და კეთილდღეობას მოუტანს თავის თავს, აღმოსავლეთ აზიასა და მსოფლიოს - გველოდება ჩვენ". მუნ ჯე ინმა ვაშინგტონსა და ფხენიანს მოლაპარალების განახლებისკენ მოუწოდა. 

16 აგვისტოს ოფიციალურმა ფხენიანმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან სამომავლო დიალოგზე უარს ამბობს და ამას "სრულიად სამხრეთ კორეის ქმედებებს" აბრალებს.

5 აგვისტოს ჩრდილოეთ კორეაში განაცხადეს, რომ აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები პრეზიდენტ ტრამპთან და მუნ ჯე ინთან მიღწეულ შეთანხმებებს არღვევდა. წვრთნები 11 აგვისტოს დაიწყო.

6 აგვისტოს ჩრდილოეთ კორეამ 2 დაუდგენელი ტიპის რაკეტა გამოსცადა. რაკეტებმა ზღვაში ჩაშვებამდე 450 კილომეტრი დაფარეს.

2 აგვისტოს მათ ახალი ტიპის მცირე რადიუსის ორი რაკეტა გამოსცადეს. რაკეტებმა 220 კილომეტრი დაფარეს და იაპონიის ზღვაში ჩაეშვნენ. ბაზა, რომლიდანაც რაკეტების გაშვება მოხდა ახალია.

31 ივლისს ჩრდილოეთ კორეამ ასევე ორი მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.

რაკეტებმა 250 კილომეტრი დაფარეს და იაპონიის ზღვაში ჩაეშვნენ. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ეს განსხვავებული ტიპის რაკეტები იყო ვიდრე ისინი, რომლებიც ქვეყანამ 6 დღის წინ, 25 ივლისს გამოსცადა.

მაშინ რაკეტები ჩამოვარდანმდე 50 კმ სიმაღლეზე აფრინდნენ და ზღვის თავზე 430 და 690 კმ დაფარეს.

ეს მსგავსი გამოცდის პირველი შემთხვევა იყო მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპს სამხრეთ კორიეს საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდა და მოლაპარაკებების განახლებაზე ისაუბრეს.

მიუხედავად ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შეშფოთებული არ არის და გამოცდები სტანდარტულია და კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებების ნაწილს არ წარმოადგენს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიხედვით კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ მათ მიერ ჩატარებული სარაკეტო ცდები სამხრეთ კორეისათვის გაგზავნილი გაფრთხილებაა.

კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ქვეყანა იძულებულია მსგავსი იარაღი განავითაროს, რათა გაანადგუროს პოტენციური და პირდაპირი საფრთხეები. მისივე თქმით კმაყოფილია ახალი სარაკეტო სისტემით და მისგან თავის დაცვა მარტივი არ იქნება.

"სამხრეთ კორეამ არ უნდა დაუშვას შეცდომა და იგნორირება გაუკეთოს ამ გაფრთხილებას." თქვა მან.

კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი, რომელიც ვიეტნამში გაიმართა და ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების პროცესს შეეხებოდა უშედეგოდ დასრულდა. მას შემდეგ ისინი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე არსებულ დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდნენ და მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა დადეს.

ამის შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ გააკრიტიკა აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები და ის ომისათვის მზადებას შეაფასა. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ აშშ არღვევს პირობას სამხრეთ კორეასთან ერთობლივის სამხედრო წვრთნების შეწყვეტის თაობაზე და ამის გამო აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებები საფრთხის ქვეშაა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის მხრიდან "შეთანხმების პირობების ცალმხრივად დარღვევის" გამო ოფიციალური ფხენიანი გადააფასებს მათ პირობას ბირთვული იარაღის და ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შეწყვეტის თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და სამხრეთ კორეას დაგეგმილი სამხედრო წვრთნები არ გაუუქმებიათ, მისი მასშტაბები შეამცირეს.

კომენტარები