აგვისტოს ომი

ლალიაშვილი ომზე TV IMEDI-ის ფილმზე: პროდიუსერი მე ვარ, ავტორი - მერაბ მამარდაშვილი

ტვ იმედის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომზე გადაღებულ უავტორო ფილმზე, რომელიც ერთი ერთში იმეორებს რუსულ პროპაგანდას, პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ლალიაშვილმა, აიღო. 

ლალიაშვილი ამბობს, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის, ხოლო "ავტორი მერაბ მამარდაშვილია, რომელიც სიმართლის თქმისთვის ბულინგით მოკლეს". 

"პროდიუსერი ვარ მე. ეს რეპორტაჟი დამზადდა ჩემი პროდიუსინგის ქვეშ, უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელობით. რაც შეეხება ფილმის ავტორებს, ფილმის ავტორი არის მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ბულინგით მოკლეს იმის გამო, რომ ის სიმართლეს ყველაზე მაღლა აყენებდა. ფილმის ავტორი არის ის ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი, რომელიც გმირულად შეეწირა სააკაშვილის ავანტიურას. ამ ფილმის ავტორები არიან დევნილები, რომლებიც არიან მსხვერპლნი ამ ავანტიურის და ბოლოს ამ ფილმის ავტორი არის ქართული საზოგადოება, რომელმაც მშვენივრად იცის ყველაფერი და რომელსაც 11 წელი უკრძალავდნენ, უბრალოდ, სიმართლის თქმას,"- ამბობს ნიკა ლალიაშვილი. 

ნიკა ლალიაშვილი 2000 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოში, 2000-2002 წლებში კი ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა სამმართველოში მუშაობდა. 2002 წელს ის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად დაინიშნა. პოსტის დატოვების შემდეგ, 2004 წლიდან 2005 წლამდე ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2008 წელს ის მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის კვოტით. 

2003 წელს მას სამხედრო წოდება "პოლკოვნიკი" მიენიჭა, 2008 წელს კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა. 

ფილმი, სახელწოდებით "ჩვენ მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს" ტვ იმედმა 12 აგვისტოს გამოაქვეყნა. 36-წუთიანი ფილმი რუსული პროპაგანდის კლასიკურ გზავნილებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ გაიგო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა, ამ ომში მონაწილეობა მიიღო. 

ფილმი ოპოზიციამ და მედია ექსპერტებმა გააკრიტიკეს. პლატფორმა Mediachecker-ი კი ფილმზე შემდეგნაირად წერს:

"უავტორო, ფილმი, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ერთი ერთში იმეორებს...

ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას".

კომენტარები