ტაბულა

ჩერგოლეიშვილი კეზერაშვილის ტელევიზიაზე: ჩემი გეგმები მხოლოდ ტაბულას უკავშირდება

ხათუნა ხუციშვილი / ფორბსი

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის, მიერ ახალი ტელევიზიის შექმნას ეხმაურება. 

მას შემდეგ, რაც კეზერაშვილმა ფორმულა კრეატივთან ერთად ახალი ტელევიზიის შექმნა დააანონსა, სხვადასხვა მედიის მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელევიზიას თამარ ჩერგოლეიშვილი უხელმძღვანელებს. 

Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში ჩერგოლეიშვილი წერს, რომ სამსახურის შეცვლას არ გეგმავს და მისი სამომავლო გეგმები მხოლოდ და მხოლოდ ტაბულას უკავშირდება. 

"ინფორმაცია, თითქოს სამსახურის შეცვლას ვგეგმავ არის ტყუილი! მივესალმები ფორმულა კრეატივის და ჩემი მეგობრის, დათო კეზერაშვილის თანამშრომლობას. მიხარია, რომ ახალი არხი ჩნდება და რუსთავის მითვისების შედეგად შექმნილ ვაკუუმს ოპოზიციურ ფლანგზე ახალი მედია შეავსებს სულ თუ არა, ნაწილობრივ მაინც.

ჩემი გეგმები მედიაში უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ ტაბულას და მის განვითარებას - მითუმეტეს ახლა, როდესაც ძალიან კარგ საერთაშორისო პარტნიორობას ვიწყებთ და მალე მოგახსენებთ ამის შესახებ,"- წერს ჩერგოლეიშვილი. 

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა, და ფორმულა კრეატივმა ახალი ტელევიზიის დაფუძნება 1 აგვისტოს დააანონსეს. გავრცელებულ განცხადებაში კეზერაშვილი წერდა, რომ ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავია და სატელევიზიო პლატფორმა გვერდით დაუდგება არა რომელიმე პარტიას, არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას. 

ახალი ტელევიზიის დაანონსებას წინ უძღოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა, შესაბამისად, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადავიდა. მოგვიანებით ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ის თანამოაზრეებთან ერთად ახალ ტელევიზიას აფუძნებს. 

კომენტარები