ნიკა მელიას საქმე

ნაცვლიშვილი: მელიას დაკავებაზე თანხმობის მისაღებად მიწერილ წერილში პრეცედენტები არასწორია

პრეზიდენტი

პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილი ინფორმაციით, გენერალური პროკურორის მიერ პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილში, რომლითაც მან დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობა მოითხოვა, საქმეში მითითებული პრეცედენტები არარელევანტურია

ნაცვლიშვილი facebook-ზე წერს, რომ ერთ-ერთი საქმე საერთოდ არ არსებობს. 

"თავი რომ დავანებოთ დოკუმენტის სამართლებრივი დასაბუთების ხარისხს (რომელიც პრობლემურია), გეტყვით მხოლოდ რამდენიმე ფაქტს:
- დოკუმენტი მხოლოდ 4 გვერდისგან შედგება 
- იმის დასასაბუთებლად, რომ აუცილებელია მელიასთვის პატიმრობის შეფარდება, მოყვანილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. მითითებული საქმეებიდან ერთი უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს! (საქმეში მითითებულია კონრადი იტალიის წინააღმდეგ, ბევრი ძებნის შემდეგ, მივაგენი საქმეს, რომელსაც სინამდვილეში გულისხმობენ და რომლის სახელიც ასე ჟღერს: კონტრადა იტალიის წინააღმდეგ)
- მითითებული ერთ-ერთი საქმე (ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ) საერთოდ არ ეხება დოკუმენტში განსახილველ სამართლებრივ საკითხს -პატიმრობის შეფარდების სტანდარტებს (ეხება ციხეში სამედიცინო სერვისების არარსებობის გამო არაადამიანურ მოპყრობას)
- დანარჩენ მითითებულ საქმეებში ფაქტობრივი გარემოებები იმდენად განსხვავდება მელიას საქმისგან, რომ მათი მითითება დოკუმენტში არარელევანტურია"- წერს ნაცვლიშვილი. 

ნაცვლიშვილი ბოლო დროის გახმაურებულ საქმეებზე აღნიშნავს, რომ ძნელად დასაჯერებელია მათ დოკუმენტაციაში წესრიგი და სამართლებრივად სწორი ანალიზი იყოს. 

"არ ჩამიხედავს სხვა გახმაურებული საქმეების დოკუმენტაციაში, მაგრამ ამის მერე როგორი დასაჯერებელია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში, რომელიც სამართლებრივად გაცილებით მეტ კვალიფიკაციას მოითხოვს, წესრიგია? როგორი დასაჯერებელია ყველა ამ პერიოდში და ადრე დაწყებულ გამოძიებებში სხვა საქმეებზე, რომ სამართლებრივად სწორი ანალიზი და დასკვნებია გაკეთებული? როგორი დასაჯერებელია, რომ გვარამიასთვის წარდგენილი ბრალი დასაბუთებულია? ამის მერე აღარ მიკვირს ვატო წერეთლისთვის სასამართლოდან გაგზავნილი მესიჯის შინაარსი და ფორმა! დოკუმენტში, რომელიც პარლამენტის 150 დეპუტატს უნდა წაეკითხა და მიეღო პრეცედენტული გადაწყვეტილება, ასეთი ლაფსუსებია დაშვებული, ჯერ კომიტეტმა განიხილა, მერე პლენარულ სხდომაზე გავიდა - დეპუტატებს როგორ არ გრცხვენიათ, რომ ამაზე დაყრდნობით მიიღეთ გადაწყვეტილება? სტაჟიორი მაინც არ გყავდათ, რომ დაგევალებინათ თვალის გადავლება? კანონებსაც ასე იღებთ? სირცხვილია!"- წერს ნაცვლიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა საგამოძიებო უწყებას მელიას დაკავების შესაძლებლობა მისცა, მას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერეს. მელიას მმართველი გუნდი და მათგან გამომდინარე, პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

კომენტარები