მედიკამენტები

წამლები, რომლებსაც პენსიონერები და სოციალურად დაუცველები 1 ლარად მიიღებენ - სია

NHS

მთავრობის ინიციატივით, მთელი საქართველოს მასშტაბით 118 აფთიაქში, ასაკით პენსიონერები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის შეძენას 1 ლარად შეძლებენ.

იმისთვის, რომ მოქალაქემ პროგრამით ისარგებლოს, რეგისტრაცია უნდა გაიაროს სოციალური მომსახურების სააგენტოში. ბენეფიციარმა ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა რეგისტრაციისთვის, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა). ცნობაში მითითებული უნდა იყოს ქრონიკული დაავადების დადასტურებული დიაგნოზი, შესაბამისი ICD-10 კოდის მითითებით, მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტ(ებ)ის სახეობა და დღიური დოზა.

"რეგისტრაციის შემდეგ, მედიკამენტის მისაღებად, პირი მიმართავს აფთიაქს, სადაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და ექიმის (ოჯახის ექიმი, სოფლის ექიმი, ექიმი - სპეციალისტი) მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე, მიიღებს კუთვნილ მედიკამენტ(ებ)ს; მომხმარებელს შეუძლია, ერთ ჯერზე მიიღოს მხოლოდ 3 (სამი) თვის სამყოფი მედიკამენტი; დიაგნოზის და/ან მედიკამენტის და/ან დოზის ცვლილების შემთხვევაში, მოსარგებლემ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს განახლებული ფორმა N IV-100/ა, რომლის საფუძველზეც განახლდება რეგისტრაცია" - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

სოციალურად დაუცველები, ასაკით პენსიონერები და შშმ პირები ერთ ლარად მიიღებენ შემდეგ მედიკამენტებს:

გულსისხლძარღვთა დაავადებებისთვის - ენალაპრილი, ენაპი, ლოსარ დენკი, ლორისტა, ამრადიპინი, ჰიპოთიაზიდი, ეგილოკი, ნებივოლოლი შტადა, დანები, ეშკორი, კორდარონი, ვარფარინი ნიკომედი, დიგოქსინი - გრინდექსი, ვეროშპირონი, ატორვასტატინი, ტორვიტინი, ატორისი, მილტი, კლიპი, კლოპიდოგრელი, პეგორელი, მონოსანი, ფუროსემიდი, ამლოდიპინი, კარდიომაგნილი.

დიაბეტისთვის - სიოფორი, ამარილი, დიაბეტონი

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისთვის - L თიროქსინი, ეუთიროქსი;

ფილტვის დაავადებებისთვის - პულმიკორტი, ეარფლუსალი, საფლუტინი, სალბუტამოლი, მედროლი, ბრეტარისი ჯენუეირი.

გარდა ამისა, პარკინსონით ან/და ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები მედიკამენტების შეძენისას სარგებლობენ მინიმუმ 75%-იანი ფასდაკლებით.

პარკინსონი - ნაკომი და მადოპარი;

ეპილეფსია - ლევეტირაცეტამი, ნეიროლეფსინი, დეპაკინი ქრონო, ლამოტრიქსი და ლამიქტალი;

კომენტარები