აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი

აშშ-მა ჩინეთი "ვალუტით მანიპულატორად" ოფიციალურად ცნო

AP

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთი "ვალუტით მანიპულატორად" ცნო.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დონალდ ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ჩინეთი პატივს არ სცემს საკუთარ ვალუტას და ამით ცდილობს აშშ-ის ბიზნესი, ქარხნები და სამუშაო ადგილები მიიტაცოს.

ჩინეთის სახალხო ბანკმა იუანის გაუფასურება დაუშვა და ის 2008 წლის შემდეგ აშშ დოლართან მიმართებით ყველაზე დაბალ ნიშნულზე დავიდა. 1 აშშ დოლარი ამჟამად დაახლოებით 7 იუანი ღირს.

გადაწყვეტილება ტრამპის მიერ 300 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე 10%-იანი ტარიფის დაწესების შემდეგ მიიღეს.

აშშ-ს ვალუტით მანიპულატორად 1990-იანი წლების შემდეგ არც ერთი ქვეყანა არ განუსაზღვრავს. 1990-იან წლებში ბილ კლინტონის ადმინისტრაციამ ვალუტით მანიპულატორად ჩინეთი ცნო. ვალუტით მანიპულატორად ცნობას კონკრეტული ნაბიჯები არ მოჰყვება, თუმცა ჩინეთის მთავრობამ ეს პროვოკაციად შეაფასა.

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა თქვა, რომ აშშ-ის ნაბიჯი სამწუხაროა, საერთაშორისო კანონებს ძირს უთხრის და გლობალურ ეკონომიკას აზარალებს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ჩინეთის ვალუტით მანიპულატორად ცნობაზე უარი 2016 წლის საარჩევნო კამპანიისას თქვა და სანაცვლოდ ქვეყანა მონიტორინგის სიაში შეიყვანა.

ორშაბათს კი მათ განაცხადეს, რომ ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ღიად აღიარა, რომ ქვეყნის ვალუტით მანიპულაციას გამუდმებით ეწევა.

შეგახსენებთ, რომ ახალი ტარიფების მიზეზებად დონალდ ტრამპმა სამი რამ დაასახელა:

"ჩვენი წარმომადგენლები ახლახან დაბრუნდნენ ჩინეთიდან, სადაც მომავალ სავაჭრო შეთანხმებაზე კონსტრუქციული საუბარი ჰქონდათ. 3 თვის წინ ჩვენ გვეგონა, რომ ჩინეთთან შეთანხმებას მივაღწიეთ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩინეთმა ხელმოწერამდე ხელახალი მოლაპარაკება გადაწყვიტა. ახლახან ჩინეთი აშშ-ისგან დიდი რაოდენობის აგრარული პროდუქტის შეძენას დათანხმდა, თუმცა ეს არ გააკეთა. ამას გარდა, ჩემმა მეგობარმა პრეზიდენტმა სიმ თქვა, რომ აშშ-ისთვის ფენტანილის მიყიდვას შეწყვეტდა - არც ეს მოხდა და ბევრი ამერიკელი კვლავ იღუპება!" დაწერა მან საკუთარ ტვიტერზე.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ახალი ტარიფი არ შეეხება უკვე ტარიფდადებულ 250 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციას - "მოლაპარაკებების დროს, რომელსაც აშშ 1-ლ სექტემბერს დაიწყებს, ჩინეთიდან ჩვენ ქვეყანაში მომავალ 300 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციას მცირე რაოდენობის 10%-იან ტარიფს დავუწესებთ. ეს არ მოიცავს იმ 250 მილიარდ აშშ დოლარს, რასაც უკვე 25%-იანი ტარიფი დავადეთ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთთან ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებაზე ჩვენ პოზიტიურ დიალოგს გავაგრძელებთ და ვგრძნობ, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის მომავალი ძალიან ნათელი იქნება!"

10 მაისს აშშ-მა ჩინეთს 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფები გაუორმაგა. ტარიფები 10%-დან 25%-მდე გაიზარდა სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის თევზზე, ხელჩანთებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და სხვა. ჩინეთი აშშ-ის დაწესებული ტარიფების საპასუხოდ 60 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 1 ივნისიდან ტარიფები გაზარდა.ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ აშშ-მა ჩინეთი უსამართლო ვაჭრობაში დაადანაშაულა და მხოლოდ გასულ წელს ჩინურ პროდუქციას 250 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფები დაუწესა. აშშ ჩინეთს ინტელექტუალური საკუთრების მოპარავაშიც ადანაშაულებს და მოითხოვს შეცვალონ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ადგილობრივ კომპანიებს უსამართლოდ ანიჭებს უპირატესობას სუბსიდიების სახით.

ჩინეთმა ამას ამერიკულ პროდუქციაზე 110 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფების შემოღებით უპასუხა.

 

 

კომენტარები