აჭარა

რიჟვაძე ბეშუმში აქციაზე: უპასუხისმგებლო პარაზიტები, რომლებიც ცდილობენ გააფუჭონ განწყობა

აჭარის მთავრობა / Facebook

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ ბეშუმში შუამთობისას პროტესტში მონაწილე ოპონენტები "უპასუხისმგებლო პარაზიტები" არიან და ცდილობენ ქვეყანა "უარყოფით დღის წესრიგში" ამყოფონ: 

"დღეს, რა თქმა უნდა, ოპონენტები შეეცადნენ ეს საზეიმო სახალხო განწყობა გაეფუჭებინათ და მე ამ ადამიანების მიმართ ვერც პოლიტიკოსებს, ვერც ლიდერებს ვერ გამოვიყენებ, ვინაიდან ამასაც დამსახურება უნდა. ჩვეულებრივი უპასუხისმგებლო პარაზიტები, რომლებიც ცდილობენ, როგორც სახალხო ზეიმი ჩაშალონ, ასევე გააფუჭონ განწყობა და ყოველთვის ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ამყოფონ უარყოფით დღის წესრიგში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ." თქვა მან.

აჭარაში, ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ. ადგილზე მათ მოქალაქეები და ნაციონალური მოძრაობის წევრები საპროტესტო აქციით დახვდნენ. ტერიტორიაზე გაშლილი იყო ბანერი წარწერით "გახარია, წადი". აქციის მონაწილეებს ეცვათ მაისურებიც იგივე წარწერით.

მას შემდეგ, რაც მამუკა ბახტაძემ სცენა დატოვა, მოქალაქეებმა მასთან მისვლა სცადეს, რის შემდეგაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ტვ 25-ის ინფორმაციით, შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. ტვ 25-მა ფოტოც გაავრცელა, სადაც ექიმები მამაკაცს დახმარებას უწევენ. გარდა ამისა, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მიშა ბოლქვაძემ ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში თქვა, რომ დაშავებულია ერთი ბავშვიც. ვიდეოში ჩანს ქალიც, რომელიც ამბობს, რომ ბავშვს "გადაუარეს" და "დაჩხაპნილია".

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე მოქალაქეთა ფიზიკური დაზიანების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

უწყებაში ამბობენ, რომ ექიმებმა ორ ადამიანს აღმოუჩინეს დახმარება, თუმცა მათი ტრავმები დაპირისპირების დროს არ იყო მიღებული.

კომენტარები