შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევი რ.ხ. ადევნების, პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების, ასევე, მუქარის ბრალდებით დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, მასთან ურთიერთობის შეწყვეტით გაღიზიანებული ბრალდებული დაზარალებულ ქალს, სისტემატურად უთვალთვალებდა, როგორც პირადად, ისე, მობილური ტელეფონის საშუალებით მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
ასევე, ბრალდებულმა ქალის დამცირებისა და შეურაცხყოფის მიზნით, მისივე პერსონალური მონაცემების გამოყენებით სოციალურ ქსელში ვებ-გვერდები შექმნა, რომელთა მეშვეობითაც ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოსდა დაზარალებული სექსუალურ მომსახურებას ეწეოდა.
როგორც უწყება წერს, ბრალდებული ემუქრებოდა დაზარალებულის ოჯახის წევრებსაც.
"ბრალდებულმა მუქარა, განახორციელა დაზარალებულის ოჯახის წევრის მიმართაც". - წერია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით, 157-ე მუხლითა და 151-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაულები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





