კონკურენციის სააგენტო

კონკურენციის სააგენტო ფასების შესაძლო მატებაზე კომპანიების განცხადებებით დაინტერესდა

ტაბულა

საქართველოს კონკურენციის სააგენტო, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, სადისტრიბუციო, რიგი მწარმოებელი კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენელთა მხრიდან - საინფორმაციო საშუალებებში, ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებით დაინტერესდა. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

"გამომდინარე იქედან, რომ საჯარო განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტები, შესაძლოა, კომპანიებს შორის კოორდინაციისა და ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის რისკებს შეიცავდეს, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ინფორმაციის მოწოდება და, ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი განმარტება მოითხოვა: საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციისგან; შპს „დიპლომატ ჰოლდინგისგან“; საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციისგან; მეფრინველეობის განვითარების ასოციაციისგან.

საქართველოს კონკურენციის სააგენტო განმარტავს, რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია ეკონომიკურ აგენტებს შორის დაიდოს ისეთი შეთანხმება, რომლის მიზანია ან რომლის შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა. აღნიშნული შეთანხმების ერთ-ერთ სახეს ეკონომიკურ აგენტებს შორის ფასებზე ან სხვა სავაჭრო პირობებზე შეთანხმება წარმოადგენს." ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

პროდუქტის გაძვირების შესახებ სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი დიმიტრი შენგელია BM.GE-ს ესაუბრა და თქვა, რომ ლარის გაუფასურების შედეგად ფასის გაძვირება შესაძლოა ყველა პროდუქტზე მოხდეს. ასევე BM.GE-სთან საუბარში მეხორბლეთა ასოციაციის წარმომადგენელმა ლარის გაუფასურების გამო პურის ფასის შესაძლო მატებაზე ისაუბრა.

ლარის კურსს უკვე ერთ თვეზე მეტია გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 20 თეთრითაა გაუფასურებული.

კომენტარები