კონკურენციის სააგენტო

GCCA-მ ვოლტ ჯორჯიას უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), შპს ვოლტ ჯორჯიას  მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა - კერძოდ, უსამართლო კომერციული საქმიანობა.

სააგენტოს განცხადებით, Wolt +-ის შეძენისას კომპანია მომხმარებლებს არ აწვდიდა სრულ ინფორმაციას, პრემიუმ პაკეტი არ მოიაზრებდა მომსახურების საფასურისგან გათავისუფლებას.  

კომპანიას დაევალა 1 თვის ვადაში, აღადგინოს მომხმარებლების, სავარაუდოდ, დარღვეული უფლებები.

"GCCA-იმ დეტალურად შეისწავლა მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, მტკიცებულებები, მოვაჭრის ოფიციალური მობილური აპლიკაცია და ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია. მიღებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე დადასტურდა, რომ მოვაჭრე თავისი „პრემიუმ პაკეტის“ შეთავაზებისას მომხმარებლებს სათანადო წესით არ აწვდიდა სრულ, მკაფიო და ზუსტ ინფორმაციას მომსახურების არსისა და მიწოდების პირობების შესახებ. კერძოდ, კომპანიის მიერ  არ იყო სათანადოდ განმარტებული, რომ მიტანის საფასურის 0 ლარამდე შემცირება Wolt + - ის (პრემიუმ პაკეტი) მომხმარებლებს სხვა დამატებითი ხარჯებისგან არ ათავისუფლებდა. კერძოდ, „პრემიუმ პაკეტის“ შეძენისას მომხმარებელი აღარ იხდის მიტანის საფასურს, თუმცა აღნიშნული არ მოიაზრებს სხვა - ე.წ. SERVICE FEE - მომსახურების საფასურისგან გათავისუფლებას.

GCCA-ის შეფასებით, სახეზეა მოვაჭრის მხრიდან ინფორმაციის იმგვარად მიწოდება, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის მოტყუება. სააგენტო მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მიერ ინფორმირებული არჩევანის უზრუნველყოფისა და შეცდომაში შემყვანი ეფექტის გამორიცხვის მიზნით, პრემიუმ პაკეტთან დაკავშირებით, მომხმარებლის ეკონომიკური ქცევის განხორციელებამდე, „მომსახურების საფასურის“ არსებობის შესახებ ინფორმაცია უნდა იქნას მიწოდებული მკაფიოდ, გასაგებად და თვალსაჩინოდ. გარდა ამისა, „წესებსა და პირობებში“ განმარტებული უნდა იქნეს „მომსახურების საფასურის“ ცნების არსი და მისი გამოთვლის წესი. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - სრულად აღადგინოს იმ მომხმარებელთა სავარაუდოდ დარღვეული უფლებები, რომელთაც მისი საქმიანობის შედეგად ზიანი მიადგა". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები