რუსთავი 2

პროკურატურა გვარამიას გამოკითხავს და R2-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან დოკუმენტებს ამოიღებს

საქართველოს პროკურატურა რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის გამოკითხვას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ თავად გაავრცელა. ამასთან, მათივე ცნობით, უკვე მიღებული აქვთ სასამართლო განჩინებები რუსთავი 2-ის კონტრაქტორი კომპანიებიდან დოკუმენტებისა და ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები.

​სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის "ინტერ მედია" და "ინტერ მედია პლიუსიდან", გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია რუსთავი2-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

საქმე ეხება რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სარჩელს. ის ნიკა გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით უჩივის.

პროკურატურაში ტაბულას უთხრეს, რომ "ინტერ მედიადან" და "ინტერ მედია პლიუსიდან" დოკუმენტების ამოღების პროცესი უკვე დაწყვებულია. უცნობია, როდის გამოკითხება ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

კომენტარები