დავით გარეჯი

დავით გარეჯის საკითხზე ექსპერტების პირველი შეხვედრა 19-23 აგვისტოს გაიმართება

www.facebook.com/საქართველოს-საპატრიარქო-ოფიციალური-გვერდი

დავით გარეჯთან დაკავშირებით ექსპერტების პირველი შეხვედრა 20-23 აგვისტოს გაიმართება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.  

"რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 23-24 მაისს, ბაქოში საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიების პირველი შეხვედრა გაიმართა. მიმდინარე წლის შეხვედრაზე განისაზღვრა, რომ კომისიის ექსპერტები ჩაატარებდნენ გარკვეულ სამუშაოებს ადგილზე. აღნიშნულ პერიოდში მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა აზერბაიჯანულ მხარესთან ტექნიკური და საორგანიზაციო დეტალების დაზუსტების მიზნით. გარკვეული შიდა სამუშაოების ჩატარების შემდგომ, მიმდინარე წლის 19-23 აგვისტოში დაგეგმილია ექსპერტების პირველი შეხვედრა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის საზღვრის საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობდეს სწორედ კომისიის ფორმატში და ყველა საკითხი როგორც შინაარსობრივი, ასევე საორგანიზაციო და ტექნიკური ხასიათის წყდებოდეს ორმხრივი კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში", - თქვა ლაშა დარსალიამ. 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საზოგადოებასა და სამოქალაქო ჯგუფებს, მისცენ ორმხრივ კომისიას ნორმალურ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა, მათი თქმით, შესაძლებელი იყოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულება კეთილმეზობლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების შესაბამისად.   

რა ხდება დავით გარეჯში 

ვნებათაღელვა დავით გარეჯში მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრამდე საქართველოს მხრიდან მისასვლელი ბილიკი ჩაკეტეს. გზა 26 აპრილს გაიხსნა, ერთი თვის შემდეგ კი სასულიერო პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩიჩხიტურის ციხესთან ბულდოზერები მუშაობენ, თუმცა, უცნობია, კონკრეტულად რა სამუშაოებს ატარებენ ისინი. ამაზე არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის საგარეო უწყება ზუსტ განმარტებებს არ იძლევა. 

28 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს, დავით გარეჯში შეკრებილმა სასულიერო პირებმა და მოქალაქეებმა საქართველოს დროშა აღმართეს. იქ საპროტესტო აქცია 15 ეპარქიიდან ჩასული მღვდლებმა გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მიზანია, ხაზი გაუსვან, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაა. ისინი ამბობენ, რომ "გარეჯი საქართველოს იერუსალიმია" და თუ ხელისუფლება მას ვერ დაიცავს, მაშინ თავად მოქალაქეებს და ეკლესიას მოუწევს ამის გაკეთება. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა დავით გარეჯში ქართველი აქტივისტები შეიკრიბნენ. აქციები "ანტისაოკუპაციო ჯგუფის" წევრებმაც გამართეს.

აზერბაიჯანელების მიერ უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზის, მართალია დროებით, მაგრამ მაინც გადაკეტვის მიზეზი, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჯერ ბაქოში, შემდეგ კი დავით გარეჯში ქართველ მესაზღვრეებთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადებები იყოს.

სალომე ზურაბიშვილმა და ილჰამ ალიევმა 27 თებერვალს, ბაქოში გამართულ შეხვედრაზე ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის საკითხის მოგვარებაზე ისაუბრეს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა თქვა - "გადავწყვიტეთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას მითითება მივცეთ, რომ განაახლონ მუშაობა და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა გამიჯვნის საზღვარი".

22 აპრილს პრეზიდენტი დავით გარეჯის სასაზღვრო ზონაში ჩავიდა და ქართველ მესაზღვრეებს შეხვდა, შემდეგ კი აღნიშნა, რომ "სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს".

26 მაისს, უკვე მესამედ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი მან წამოწია, "რასაც, შესაძლოა, მოჰყვა გარკვეული შედეგები". 

საქართველოს პრეზიდენტმა ამ თემაზე კიდევ ერთი განცხადება 28 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე გააკეთა. მისი თქმით, "რაც ვთქვი აზერბაიჯანში, აქაც გავიმეორებ, რომ ორ მეგობარს შორის არ შეიძლება იყოს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი ჩვენი საზღვრების საკითხი. ვიცით, თქვენც და მეც, რომ ამაზე ვიმუშავებთ და დარწმუნებულები ვართ, მივაღწევთ შედეგს, რომელიც იქნება თქვენთვისაც მისაღები და ჩვენთვისაც მისაღები".

საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის ნაწილია განსაზღვრული - სულ 446 კილომეტრიანი ზოლის 294 კილომეტრი. გადაუწყვეტად რჩება საზღვრის ის ნაწილი, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე გადის.

1921 წელს, გასაბჭოების შემდეგ, როცა აქ საზღვარი გაივლო, ქართველმა ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ქვემო ყარაის ველი დაუთმეს. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 მონასტრიდან 3 აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - ბერთუბანი, ჩიჩხიტური და უდაბნო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მხარეების დროებითი შეთანხმების საფუძველზე, პირობითი საზღვარი გავლებული იქნა ისე, რომ სამონასტრო კომპლექსის ყოველდღიური ცხოვრება არ შეცვლილა და საქართველოდან მიმავალ ტურისტებს და მომლოცველებს ამ 3 ტაძრის მონახულებაც ჩვეულებრივად შეეძლოთ.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ამ ნაწილთან მისასვლელი გზა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 2012 წლის მაისშიც გადაკეტეს 2 კვირით. 2012 წლის 20 მაისს ჩიკაგოში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, მხარეები სადავო მონაკვეთზე სტატუს კვოს აღდგენაზე შეთანხმდნენ და აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა.

2012 წლის შემდეგ დავით გარეჯის საკითხი ამ დრომდე არ წამოწეულა.

აზერბაიჯანის და საქართველოს საზღვრის დემარკაციის საკითხზე კომისია პირველად 1996 წელს ჩამოყალიბდა და ის დღემდე ფუნქციონირებს, თუმცა, არაეფექტურად - იკრიბება მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ.

ბოლოს კომისია 23-24 მაისს ბაქოში შეიკრიბა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ თქვა, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საექსპერტო ჯგუფებმა ადგილზე კიდევ ერთხელ შეისწავლონ ვითარება, რომლის შემდგომაც კომისია დაუყოვნებლივ შეიკრიბება არსებული შედეგების განსახილველად. ეს შესაძლოა 1 თვის განმავლობაში მოხდეს".

როგორც დარსალია, ასევე ისტორიკოსები და ოპოზიცია ამბობს, რომ აქტივისტებმა და სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკავონ ემოციური განცხადებებისგან. ასევე, მათი თქმით, დაუშვებელია, ოკუპაციის საკითხის დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირება, ვინაიდან აზერბაიჯანი, რუსეთისგან განსხვავებით, არა ოკუპანტი, არამედ პარტნიორი სახელმწიფოა. დავით გარეჯის საკითხს აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თემა "საკეთილდღეოდ გადაწყდება". მისი თქმით, "საქართველო და აზერბაიჯანი ძმები არიან".

კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ კი 27 მაისს თქვა, რომ "აზერბაიჯანს და საქართველოს შორის პრობლემების შექმნა სხვა ძალას სურს" და "პროვოკაციებს ადვილად არ უნდა ავყვეთ." 

14 ივლისს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთზე ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელი მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ გაზარდა მესაზღვრეების რაოდენობა მოცემულ მონაკვეთზე და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსა ლოჯისტიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო დროებითი ინფრასტრუქტურა. პარალელურად, აღნიშნულ მონაკვეთზე გაიზარდა ქართველი მესაზღვრეების რაოდენობაც. ამასტან, დაწესდა დროებითი შეზღუდვა მრევლისა და ტურისტების გადაადგილებასთან დაკავშირებით. ინციდენტამდე ადგილზე მიმოსვლა გარკვეული შეზღუდვებით ხორციელდებოდა, თუმცა, 14 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად ვითარება გართულდა.

კომენტარები