საქართველო-რუსეთი

კარასინი, შესაძლოა, საქართველოში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებულმა ვოლინკინმა ჩაანაცვლოს

23 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გრიგორი კარასინს, 70 წელი უსრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ "სახელმწიფო სამსახურის" შესახებ კანონის მიხედვით, მას თანამდებობის დატოვება მოუწევს. 

რუსული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით აქტიურად საუბრობს იმ სამ კანდიდატზე, რომელიც კარასინის შემცვლელად განიხილება. მათგან ერთერთ მთავარი კანდიდატად ივან ვოლინკინი განიხილება, რომელიც 2007 წლის ნოემბერში საქართველოში პერსონა ნონ-გრატადაა გამოცხადებული.

ივან ვოლინკინი საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იყო. მან თბილისი მრჩეველთან და მესამე მდივანთან ერთად 2007 წლის 12 ნოემბერს დატოვა, მას შემდეგ, რაც საქართელოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ისინი ჯაშუშურ საქმიანობაში დაადანაშაულა. 

ტაბულა დაუკავშირდა ზურაბ აბაშიძის, რათა მისთვის ეკითხა, როგორ გაგრძელდება კარასინი-აბაშიძის ფორმატი მას შემდეგ, რაც რუსი დიპლომატი თანამდებობას დატოვებს და დანიშვნის შემთხვევაში, როგორ აპირებს საქართველოს საგარეო უწყება იმ პირთან თანამშრომლობას, რომელიც ოფიციალურად პერსონა ნონ-გრატადაა გამოცხადებული, რაზეც აბაშიძემ გვითხრა, რომ ოფიციალურ პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც კარასინის თანამდებობის დატოვებისა და მისი შემცვლელის შესახებ საგარეო უწყება ინფორმაციას ოფიციალურად მიიღებს. 

მინისტრის მოადგილის თანამდებობის დატოვების შემდეგ, გრიგორი კარასინმა შესაძლოა რუსეთის ფედერაციის საბჭოში გადაინაცვლოს. 

კომენტარები