ავტოსაგზაო შემთხვევა

თუშეთში სამძებრო სამუშაოები განახლდა - მაშველები ერთ დაკარგულ ადამიანს ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თუშეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები განახლდა. მაშველები 27 ივლისს ხევში გადავარდნილი მანქანის კიდევ ერთ მგზავრს ეძებენ.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა, სოფელ ლეჩურის მიმდებარე ტერიტორიიდან ომალომდე დილიდან გადაკეტილია. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილის ამოსაყვანად ხეობაში მძიმე ტექნიკა შეიყვანეს.

თუშეთში ავტოავარია 27 ივლისს მოხდა. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. სატვირთო მანქანაში 12 მგზავრი იმყოფებოდა. ხუთმა ადამიანმა მანქანიდან გადახტომა მოასწრო, თუმცა ხევში იყვნენ ჩარჩენილები, საიდანაც მაშველებმა ამოიყვანეს. მათ შორის სამი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გამოწერეს.

გარდა ამისა, ნაპოვნია 6 მოქალაქის ცხედარი, დაკარგულად ითვლება ერთი ადამიანი.

გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები