გაერთიანებული სამეფო

ბორის ჯონსონის მთავარი კონკურენტი თანამდებობას ტოვებს

ჯერემი ჰანტი
Getty Images

გაერთიანებული სამეფოს საგარეო მდივანმა, ჯერემი ჰანტმა განაცხადა, რომ ბორის ჯონსონის კაბინეტის წევრი არ იქნება. ჯერემი ჰანტი კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში ბორის ჯონსონის მთავარი კონკურენტი იყო - მან კონსერვატიული პარტიის წევრების 33%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

ჰანტის გარდა, კაბინეტს სხვა მაღალჩინოსნებიც ტოვებენ. კვირას ფინანსთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა განაცხადა, რომ ჯონსონის გაპრემიერების შემთხვევაში თანამდებობიდან გადადგებოდა. დღეს გადადგომის შესახებ განახცადეს თავდაცვის, საერთაშორისო განვითარების და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრებმაც.

გუშინწინ, 22 ივლისს გახდა ცნობილი კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევნების შედეგები. 92,153 ხმით ლონდონის ყოფილმა მერმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა გაიმარჯვა. მისმა მეტოქემ, მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა კი 46,656 ხმა მიიღო.

ბორის ჯონსონის მთავარი დაპირება იყო, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს დაწესებულ ვადაში, 31 ოქტომბერს აუცილებლად დატოვებდა, თუნდაც შეთანხმების გარეშე.

ჯერემი ჰანტს მიაჩნდა, რომ ახალი შეთანხმების მისაღწევად ბრექსითის ვადის კიდევ ერთხელ გადადება შესაძლებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ პოსტი მაისის ბოლოს დატოვა. ევროკავშირის დატოვების თაობაზე მისი გეგმა პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო. ლეიბორისტულ პარტიასთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მეიმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა იმის გამო, რომ პრემიერმინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეული ბრექსითის შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო, მეიმ ევროკავშირს გასვლის გადავადება სთხოვა. ამჟამად ბრიტანეთს ევროკავშირის დასატოვებლად დრო 31 ოქტომბრამდე აქვს.

კომენტარები