ანაკლიის პორტი

ხაზარაძე ანაკლიის პორტზე: მაინც ავაშენებთ!

"მაინც ავაშენებთ!!!" - ასე გამოეხმაურა TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ცნობას, რომლის მიხედვითაც ანაკლიის პორტის მშენებელი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა.

კომპანიამ ანაკლიის კონსორციუმის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. Eiffage სამუშაოებს შვეიცარულ ABB-სთან და ქართულ CRP-სთან ერთად შეასრულებს. Eiffage-ს, ევროპის სამშენებლო კომპანიების ხუთეულში შედის, განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორიცაა ბარსელონას და დაკარის პორტები, აგრეთვე ხიდები და სარკინიგზო გზები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ დღეს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. საუბარია 2018 წლის აგვისტოში დაწყებულ გამოძიებაზე.

პროკურატურის ინფორმაციითვე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულები არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ინფორმაციით, ის პროკურატურაში დღეს, 24 ივლისს 17:00 საათზე მივა.

ამის პარალელურად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC-ის აქციების ფასი ეცემა.

კომენტარები