რუსთავი 2-ის საქმე

სალია რუსთავი 2-ის გუნდის გეგმაზე: გავეცნობი დეტალურად და პასუხს ხვალ გაგცემთ

რუსთავი 2-ის ახალი გენერალური დირექტორის პაატა სალიას თქმით, გეგმას, რომელიც რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა წარუდგინეს, გაეცნობა და ხვალ უპასუხებს.

"პირველ რიგში, არასწორი იქნება ახლა პასუხი გაგცეთ "კი" ან "არა" ფორმით, იმიტომ, რომ ჯერ არ გვისაუბრია ქიბარ ხალვაშთან ამასთან დაკავშირებით. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი. არხის მესაკუთრის ნებაა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი. მე გითხარით კიდეც, გავეცნობი დეტალურად, ვნახავ, ვისზეა საუბარი, ვისი შედგენილია, რას ითხოვენ კონკრეტულად, ვისზე მიუთითებენ და ა.შ. პასუხს ხვალ გაგცემთ.“ - თქვა სალიამ ინტერპრესნიუსის ცნობით და აღნიშნა, რომ ჟურნალისტებთან საუბარი გუშინდელთან შედარებით, "გაცილებით კონსტრუქციულ რეჟიმში" წარიმართა.

რუსთავი ორის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არხის ახალ მფლობელს და დირექტორს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების გეგმით მიმართეს და რეალური გარანტიები მოითხოვეს. მათი მოთხოვნებია:

1. მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შეიქმნას რუსთავი 2-ის საზოგადოებრივი საბჭო შემდეგი წევრებისგან - საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო - ეკა გიგაური, საია - სულხან სალაძე, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - გიორგი მშვენიერაძე, სამართლიანი არჩევნები - მიხელ ბენიძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - ნატა ძველიშვილი, მედიამკვლევარი - ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და კიდევ თქვენ მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობით და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში.

ამ საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე, რუსთავი 2-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ შეძლოს იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ პოლიტიკურ კონტენტზე. (მათ შორის წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები, პროდიუსერები).

2. დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე.

3. არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს, რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებას და ეთერში გაშვებას. არ შეცვალოს იმ გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი, რომელიც ფორმატით გასართობი ხასიასთისაა, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ასევე, იმავე დღეს ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

კომენტარები