რუსთავი 2-ის საქმე

"NGO-ებისგან შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო" - R2-ის გუნდი ხალვაშს და სალიას მიმართავს

"რუსთავის 2"-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები, არხის ახალი მფლობელის და დირექტორს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ. მიმართვა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტიას ეხება.

"უკვე 24 საათი გავიდა, რაც ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, არხის ახალი გენერალური დირექტორისგან რუსთავი ორის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არანაირი მყარი გარანტიები არ მიგვიღია. "რუსთავის 2"-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტი - "კურიერი", "პოსტ სკრიპტუმი", საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები კიდევ ერთხელ მივმართავთ არხის ახალ მფლობელს და ხელმძღვანელს:

"რუსთავი 2"- ის მფლობელის ცვლილებასთან დაკავშირებით საქართველოსა და საერთშორისო საზოგადოებაში წარმოიშვა სერიოზული შეშფოთება არხის სარედაქციო პოლიტიკისა და ქვეყანაში მედია-გარემოს ცვლილების საფრთხის გამო.

ჩვენ საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებს, ვინც წლების განმავლობაში ქმნიდა და ქმნის "რუსთავი-2"-ის დამოუკიდებელ, ობიექტურ და კრიტიკულ საინფორმაციო-ანალიტიკურ პროდუქტს, მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში არხის თანამშრომლებსა და მაყურებლებს სჭირდებათ რეალური გარანტიები, რომ „რუსთავი 2“-მა გააგრძელებს მუშაობას იმ გუნდით და იმ სარედაქციო პოლიტიკით, რომლის წყალობითაც არხი ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, ნდობის მაღალ სტატუსს და ნომერ პირველი ტელევიზიის სახელს ამ ქვეყანაში.

ბოლო წლების განმავლობაში "რუსთავი 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიება და არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელიც ახალმა მფლობელმა დაუყონებლივ გაათავისუფლა არხის თანამშრომლებთან კონსულტაციების გარეშე. ამ ვითარებაში გუნდს სჭირდება ახალი გარანტიები, თუმცა ამ დრომდე ჩვენ და ჩვენმა მაყურებელმა მოისმინა ახალი მფლობელისა და მის მიერ დანიშნული დირექტორის მხოლოდ სიტყვიერი დაპირება, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა დარჩება უცვლელი. ვინაიდან ახალი მფლობელის მხრიდან, მოთხოვნის მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია ამის დამადასტურებელი არცერთი მექანიზმი, ჩვენ ვთავაზობთ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების კონკრეტულ გეგმას:

1. მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შეიქმნას „რუსთავი 2“ -ის საზოგადოებრივი საბჭო. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო - ეკა გიგაური, საია - სულხან სალაძე, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - გიორგი მშვენიერაძე, სამართლიანი არჩევნები - მიხელ ბენიძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - ნატა ძველიშვილიმედიამკვლევარი - ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და კიდევ თქვენ მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობით და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში.

ამ საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე, რუსთავი 2-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ შეძლოს იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ პოლიტიკურ კონტენტზე. (მათ შორის წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები, პროდიუსერები).

2. დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე.

3. არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს, რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებას და ეთერში გაშვებას. არ შეცვალოს იმ გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი, რომელიც ფორმატით გასართობი ხასიასთისაა, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის," - ნათქვამია "რუსთავის 2"-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივ მიმართვაში.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ასევე, იმავე დღეს ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

კომენტარები