რუსთავი 2-ის საქმე

პაატა სალია: საღამოს ყველა ჟურნალისტს შევხვდები

რუსთავი 2-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიის ფინანსური სამსახურის უფროსს ირაკლი ნიჟარაძეს და ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელს თამილა გველესიანს შეხვდა.

"თამილასთან მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი, კარგი საუბარი, მან ისაუბრა კომპანიაში არსებულ სულისკვეთებაზე, გამაცნო სტრუქტურა კომპანიის, ფინანსისტებს ცოტა მოგვიანებით შევხვდები და საღამოს, მას შემდეგ, რაც საინფორმაციო გამოშვებები დასრულდება, დავგეგმეთ შეხვედრა ყველა ჟურნალისტთან" - თქვა სალიამ.

რუსთავი ორის ახალმა გენერალურმა დირექტორმა მენეჯმენტთან შეხვედრა გუშინაც სცადა, თუმცა, შესაბამისი პირები არ დახვდნენ. ამის შემდეგ, პაატა სალია რუსთავი 2-ის საიფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს და წამყვანებს შეხვდა. მათ დირექტორისგან გარანტიები მოითხოვეს, რომ სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერევა. ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა პაატა სალიას შესთავაზა, წამყვან სახეებს ორწლიანი კონტრაქტები გაუფორმოს იმის ნიშნად, რომ მათ პოლიტიკის გამო არავინ შეეხება. რუსთავი ორის დირექტორმა თქვა, რომ ქიბარ ხალვაშს უნდა დაელაპარაკოს და "კონკრეტული პასუხებით დაბრუნდება".

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ასევე, იმავე დღეს ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

კომენტარები