აქცია პარლამენტთან

სირცხვილია 31:0 - გავრილოვის ღამიდან ერთი თვე გავიდა

სირცხვილია 31:0 - დღეს ზუსტად ერთი თვე გახდა, რაც საქართველოში სამოქალაქო პროტესტი დაიწყო. ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, პროტესტის ერთი თვის თავზე ქვეყნის სამსახურში გამოვიდნენ და თავიანთი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირონ. ორგანიზატორთა და მომიტინგეთა თქმით, სამოქალაქო პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მთავრობა 20 ივნისის გავრილოვის ღამეზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებს და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ გადადგება.

დღეს აქცია პარლამენტთან 19:00 საათზე განახლდება.

  • "1 თვის წინ, რუსი კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, ჩვენს პარლამენტში სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან უძღვებოდა.
  • 1 თვის წინ, შს მინისტრმა, გიორგი გახარია, მთავრობის უმოქმედობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ გამოსული ადამიანების დარბევის ბრძანება გასცა. შედეგად, მივიღეთ დასახიჩრებული მშვიდობიანი დემონსტრანტები, მედიის თანამშრომლები და ადამიანები, რომლებსაც სახლამდე სდიეს, სახეში აფურთხეს, მიჯრით ესროლეს და სცემეს.
  • 1 თვის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ, შს მინისტრ, გიორგი გახარიას ბრძანებით, გაუფრთხილებლად, ყოველგვარი წესის დარღვევითა და არაპროპორციული ძალის გამოყენებით, ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები დაუშინია თავის მოქალაქეებს, მათ შორის, 18 წლის მაკო გომურსაც, რომელმაც, სამწუხაროდ, თვალი დაკარგა.
  • 1 თვეა, რაც სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში, ადამიანები სხვადასხვა ფორმით ითხოვენ, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა გიორგი გახარიამ და დატოვოს თანამდებობა. ბიძინა ივანიშვილი კი თვლის, რომ ახალგაზრდებისთვის თვალის ამომთხრელი მინისტრი გმირი და 'მაგარი კაცია'.

"გავრილოვის ღამიდან” ერთი თვის თავზე, გამოდი, თუ თბილისში ხარ, ჩამოდი, თუ არ ხარ, ან გადი იქ, სადაც ხარ! ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერი ფორმით, 19:00-დან, გამოდი ქვეყნის სამსახურში" - წერია ორგანიზატორების მიმართვაში.

კომენტარები