რუსთავი 2-ის საქმე

"კონკრეტული პასუხებით დავბრუნდები" - ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ პაატა სალიამ R2 დატოვა

საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, რუსთავი ორის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიის შენობა დატოვა. მას მენეჯმენტთან შეხვედრა სურდა, თუმცა, შესაბამისი პირები არ დახვდნენ.

"ვესაუბრე ჟურნალისტებს, მათ აინტერესებთ, როგორ იქნება გარანტირებული მათი სარედაქციო თავსუფლება, კონკრეტული პასუხებით დავბრუნდები. მე ვერ მივცემ კონკრეტულ გარანტიებს, სანამ ქიბარ ხალვაშს არ ვესაუბრები და არ მივიღებ მისგან პასუხებს.

ასევე, ჩემი მიზანი იყო, მესაუბრა კომპანიის მიმდინარე საქმეებზე, მაგრამ ადამიანები, ვინც ამ ნაწილში არიან დასაქმებულები, აქ არ არიან, ამიტომ ხვალ დილით უნდა მოვიდე" - თქვა სალიამ, რომელიც ირწმუნება, რომ რუსთავი ორის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს.

რუსთავი ორში მისული პაატა სალია მცირე ხნით ყოფილ დირექტორს ნიკა გვარამიას ესაუბრა. გვარამიამ მას უთხრა, რომ კოლაბორაციონისტებთან თანამშრომლობას არ აპირებს.

"არაფერში თანამშრომლობას არ ვაპირებ, იმასაც ვთხოვ, ყავა არ გაგიკეთონ, ვისაც გინდათ, იმას შეხვდით, კაბინეტში ნუ შეხვალთ, ჯერ ჩემი პირადი სივრცეა, სანამ არ დავცლი" - მიმართა გვარამიამ სალიას, რაზეც ახალმა დირექტორმა თქვა, რომ კაბინეტისთვის არ მისულა.

მან იკითხა, ვის შეიძლება ფინანსურ და სამართლებრივ საკითხებზე ესაუბროს, რაზეც პასუხი მიიღო, რომ შენობაში მხოლოდ ჟურნალისტები არიან. ამის შემდეგ, პაატა სალია საინფორმაციო სამსახურში მივიდა და ჟურნალისტებს შეხვდა.

"თქვენი მარწმუნებლის უკან ვხედავთ ბიძინა ივანიშვილს და მის სურვილს, დაადუმოს რუსთავი 2" - უთხრეს ჟურნალისტებმა პაატა სალიას.

ამის გარდა, რუსთავი ორის წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ახალ გენერალურ დირექტორს მოუწოდა, წამყვან ჟურნალისტებს ორწლიანი კონტრაქტები შესთავაზოს და დაპირდეს, რომ მათ ვერავინ შეეხება.

"თუ ამას გააკეთებთ, მე გენდობით" - უთხრა ჟორჟოლიანმა სალიას.

დღეს, 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა 2017 წლის მარტში გამოტანილი დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის შესაძლო საფრთხეების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტრასბურგმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა.

იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ასევე, დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და დანიშნა პაატა სალია.

კომენტარები