რუსთავი 2-ის საქმე

ზოიძე რუსთავი 2-ზე: შეუძლიათ ახალი ტელევიზიის მეშვეობითაც გააკეთონ იგივე

აიპრესი

ქართული ოცნების დეპუტატის აკაკი ზოიძის თქმით, სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, რუსთავი 2-ში გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდება.

მისი თქმით, დღეს ახალი ტელევიზიის გახსნა მარტივია და ამბობს, რომ მათ შეუძლიათ, ახალი ტელევიზიის მეშვეობითაც გააკეთოთ იგივე. 

"მე მგონი საკმაოდ მკაფიო გადაწყვეტილებაა, რომელიც ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. ესაა ჩემი შეფასება ამ თემასთან დაკავშირებით და ის, რომ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები ამ შემთხვევაში დააკმაყოფილა სტრასბურგის სასამართლომ. უხერხულია როდესაც ვიმსჯელებთ იმაზე, რომ დღეს ამ გადაწყვეტილებით რაიმე გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა. მით უმეტეს თქვენ [რუსთავი 2-ს] შეიძლება ასევე ახალი ტელევიზიის მეშვეობითაც გააკეთოთ იგივე. დღეს ახალი ტელევიზიის გახსნას არაფერი წინააღმდეგობა წინ არ აქვს. ეს იყო ქონებრივი დავა, რომელსაც არაფერი გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირი არ აქვს",- ამბობს ზოიძე. 

მისივე თქმით, ის ისურვებდა, რომ რუსთავი 2 იყოს ისეთივე, როგორიც იყო დაახლოებით 2-3 წლის წინ.

"როდესაც ისინი ასეთი მიკერძოებულები არ იყვნენ ან კიდევ ნებისმიერი სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა რომ იყოს ობიექტური და კრიტიკული მედიასაშუალებები, იმიტომ რომ მართლაც, ეს არის ხელისუფლების დაბალანსების საშუალება",- ამბობს ზოიძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა 2017 წლის მარტში გამოტანილი დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის შესაძლო საფრთხეების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტრასბურგმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა

კომენტარები