ეს იყო ოფიციალურად დაკითხვა - ბაჩუკი ქარდავა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა

"ძალა ერთობაშიას" წევრის ბაჩუკი ქარდავას გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. 

20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით ქარდავა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. ის ადვოკატის გარეშე მივიდა. 

როგორც ქარდავა ჟურნალისტებთან ამბობს, ეს არა გამოკითხვა, არამედ ოფიციალური დაკითხვა იყო. 

"ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იყო გამოკითხვა, მაგრამ მე დაკითხვის დასრულების დროს, ვკითხე მოსამართლეს და დამიდასტურა, რომ ეს იყო მოწმის დაკითხვა. კონკრეტულად პოლიციელების გადაცდომაზე საუბარი არ ყოფილა და არც არავის გადაცდომაზე არ ყოფილა საუბარი. ისინი ინტერესდებოდნენ, სად ვიყავი მე, რას ვაკეთებდი, ვხვდებოდი თუ არა პოლიტიკოსებს, მქონდა თუ არა რამე განსაკუთრებული მოლაპარაკებები ვინმესთან და ა.შ. ყველა აინტერესებდა, ვინ სად იყო და რას ვაკეთებდით, რამდენად ვიყავით დაორგანიზებულები. არ ვიცი, ხელისუფლებას თუ უნდა იმ სამართლიან, სპონტანურ პროტესტს, რომელიც გამოხატა ქართველმა ხალხმა, რაღაც ორგანიზებული ჯანყის ფორმა მისცეს და ამით თავი გაიმართლოს 20 ივნისთან დაკავშირებით, არ ვიცი, მაგრამ მე მათ დავუდასტურე ის ფაქტიც, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც ვხედავდით ძალიან მაღალ ემოციას ხალხში, დავთანხმდით იმას, რომ რამდენიმე ლიდერი შესულიყო და ეწარმოებინა მოლაპარაკება ხელისუფლების წარმომადგენლებთან,"- ამბობს ქარდავა. 

20 ივნისის საქმეზე ოპოზიციონერი ლიდერები ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, ირაკლი ღლონტი და გუბაზ სანიკიძე გამოკითხვაზე 11 ივლისს დაიბარეს. მათ შსს-ში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოკითხვაზე ელოდებოდნენ, თუმცა ოპოზიციონერებმა უწყებაში მისვლაზე უარი თქვეს და მაგისტრი მოსამართლე მოითხოვეს. 

225-ე მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. სწორედ ამ და 315-ე (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) მუხლებით მიმდინარეობს 20-21 ივნისის ღამეზე გამოძიება.

კომენტარები