უკრაინა

უკრაინაში უკრაინული ენის კანონი ოფიციალურად ამოქმედდა

Front News International

16 ივლისს უკრაინაში უკრაინის სახელმწიფო ენის კანონი ამოქმედდა - ზუსტად ორი თვის შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაამტკიცა.  

აღნიშნული კანონით უკრაინული ენა "უკრაინაში ერთადერთი ოფიციალური სახელმწიფო ენაა". კანონში ვკითხულობთ, რომ სხვა ენების სახელმწიფო ენებად წარდგენის მცდელობა "კონსტიტუციური წყობის ძალით შეცვლის მცდელობად" იქნება მიჩნეული. 

კანონი სახელმწიფო და კერძო ტელევიზიებს აუცილებელ ენის კვოტას წარუდგენს. ასევე, ბეჭდური მედიის სულ მცირე ნახევარი უკრაინულ ენაზე უნდა იყოს. ისეთი საჯარო თანამდებობები, როგორიც არის უკრაინის პრეზიდენტის, პარლამენტის სპიკერის, კანონმდებლების, მინისტრების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, პროკურორის, უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის, ადგილობრივი საბჭოს წევრების თანამდებობაზე მოსახვედრად უკრაინული ენის სრულყოფილად ცოდნა არის აუცილებელი. უკრაინულის ცოდნა ასევე სავალდებულოა მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის და ჯარისკაცებისთვის. ყველა ოფიციალური დოკუმენტი, სასამართლო ჩანაწერები, არჩევნები, რეფერენდუმები, საერთაშორისო შეთანხმებები, სამუშაო ხელშეკრულებები - ყველაფერი უკრაინულად უნდა იყოს.

ახლო მომავალში სახელმწიფომ უკრაინის მოქალაქეებს, ვისაც აქამდე უკრაინული ენის სწავლის შესაძლებობა არ ჰქონია, შესაძლოა უკრაინული ენის კურსების გავლის საშუალება მისცეს. 

კანონი არ ეხება პირად საუბრებს ან რელიგიურ რიტუალებს. 

უკრაინის 45 მილიონიანი მოსახლეობიდან 67%-ის მშობლიური ენა უკრაინულია, ხოლო 30%-ის რუსული. უკრაინულად მეტწილად დასავლეთ უკრაინაში, ხოლო რუსულად - აღმოსავლეთ უკრაინაში საუბრობენ. 

უკრაინულად მოსაუბრე უკრაინელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დღეს უკრაინაში რუსული ენის ფართოდ გამოყენება საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობაა, რაც უკრაინის იდენტობას აზიანებს.

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ამბობენ, რომ უკრაინული ენის კანონის მიღებით შეგნებულად ცდილობენ რუსული ენის გამოყენების შემცირებას.

კანონი უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკრიტიკა არაერთი "აკრძალვისა და სასჯელისთვის". მისი აზრით, ეს ბიუროკრატიულ პროცედურებს გაართულებს და მაღალჩინოსანთა რიცხვს გაზრდის.

რუსეთის საგარეო საქმეთა სპიკერმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ ახალი კანონი უკრაინელ საზოგადოებაში დაყოფას გააღრმავებს და არაერთ შეზღუდვას დააწესებს. 

კომენტარები