ზაქარია ქუცნაშვილი

ქუცნაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხს კენჭს რიგგარეშე სხდომაზე უყრიან

ტაბულა

ზაქარია ქუცნაშვილსითვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტი კენჭს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე უყრის, რომელიც, სავარაუდოდ, ზაფხულში იქნება მოწვეული.  

დღევანდელ, 16 ივლისის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ქუცნაშვილის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა პროცედურები განმარტა: 

"ვხელმძღვანელობთ საქართველოს კონსტიტუციით, რომელიც ადგენს, რომ პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია მისივე განცხადება, ასევე პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. 

28 ივნისს იქნა წარმოდგენილი ეს განცხადება ბატონი ზაქარიას მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. 

მას შემდეგ არანაირი დამატებითი განცხადება წარმოდგენილი არ ყოფილა, სახეზე გვაქვს მხოლოდ ერთი განცხადება. მისი ნამდვილობა არის დადგენილი, გარემოებაზე, თუ რატომ გააკეთა ქუცნაშვილმა ასეთი განცხადება, არ ღირს ყურადღების გამახვილება.

პროცედურული თვალსაზრისით, კომიტეტმა უნდა მიიღოს დასკვნა, რომელიც წარედგინება პარლამენტის პლენარულ სხდომას. გადაწყვეტილებას წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იღებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე. ამასთანავე, რეგლამენტი ითვალსიწინებს შემდეგს, რომ როცა ასეთი საკითხი დგება დღის წესრიგში, სწორედ ეს საკითხი უნდა იქნას პირველ რიგში განხილული და მას უნდა ეყაროს კენჭი. ანუ უახლოესი რიგგარეშე სესია, რომლიც, ვფიქრობ, იქნება მოწვეული ზაფხულში, ამ სესიაზე პირველ რიგში განხილული იქნება ბატონი ზაქარია ქუცნაშვილისთვის", - თქვა კახიანმა. 

ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ საჯაროდ განცხადება 21 ივნისს გააკეთა, მას შემდეგ, რაც 20-21 ივნისის ღამეს რუსთაველზე პოლიციამ მშვიდობიანი აქცია დაარბია. 

ქუცნაშვილმა თქვა:

"არ იქნება სწორი, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგეს და ამ პროცესში ჩართული ზაქარია ქუცნაშვილი დარჩეს თანამდებობაზე. მე თანამდებობა არ მაქვს, ამიტომ მზად ვარ, დავტოვო დეპუტატის თავისუფალი მანდატი."

მისივე თქმით, მართლმადიდებლობის საპარლამეტთაშორისო ასამბლეა საბერძნეთის წარმომადგენელს უნდა წაეყვანა, მაგრამ პარლამენტის სპიკერატში ერთი სკამის ნაცვლად მეორე სკამი გაჩნდა და აქ დაჯდა სერგეი გავრილოვიც

პარლამენტის თავმჯდომარემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გავრილოვს 19 ივნისს, პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს. 

ფორუმი 19 ივნისს დაიწყო და 22 ივნისის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო. პირველივე დღეს სერგეი გავრილოვი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას უჭერდა მხარს, ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი, რამაც საქართველოში უკრაინის ელჩის პროტესტი გამოიწვია, რომელმაც სხდომა დატოვა. 

ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც, ასევე სიტყვით გამოვიდა პატრიარქი ილია II-ც. ფორუმზე იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. 

პროტოკოლის მიხედვით, მეორე დღეს, 20 ივნისს სხდომა პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ფოტომ, როგორ ზის რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ევროპულმა საქართველომ, მოგვიანებით კი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გავრილოვი აიძულეს, პარლამენტი დაეტოვებინა.

პარალელურად მოქალაქეთა ქცია გაიმართა პარლამენტის შენობასთანაც და იმ სასტუმროსთანაც, სადაც რუსი დეპუტატები იყვნენ განსათსებულები

19:00 საათზე მასშტაბური აქცია დაიწყო პარლამენტთან, რომლის მთავარი მოთხოვნაც, პასუხისმგებელი პირების, ირაკლი კობახიძისა და ზაქარია ქუცნაშვილისთვის გადადგომა იყო. რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზით არაერთხელ სცადეს, თუმცა მოქალაქეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს. მოგვიანებით კი, პოლიციამ წყლის ჭავლები გამოაგორა და აქცია საბოლოოდ დაშალა. 

კომენტარები