ზაქარია ქუცნაშვილი

ზაქარია ქუცნაშვილის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობა სურს

პარლამენტი

ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს, რომლის თანაორგანიზებით რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოში ჩამოვიდა და მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობა სურს.

კომისიის წევრობა 6-წლიანია, წევრებს პარლამენტი ამტკიცებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზაქარია ქუცნაშვილი იმ ხუთ პირს შორისაა, რომლებმაც კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

ეს ხუთი ადამიანია:

  • ნათია კუპრაშვილი
  • ბეგლარ ლოგუა
  • ნინო ქუბინიძე
  • ზაქარია ქუცნაშვილი
  • ხათუნა მაისაშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადებები საკონკურსო ვადების დაცვით სწორედ ამ ხუთმა პირმა წარადგინა. მათი სია და საკონკურსო დოკუმენტები მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობაზე ღია კონკურსი 7 ნოემბერს გამოცხადდა. მთავრობა განმარტავს, რომ კანონის მიხედვით, კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე.

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა თბილისში გამართულ "მართლმადიდებლობის საპარლამეტაშორისო ასამბლეის" ფარგლებში რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს უმასპინძლა. სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში იმართებოდა შეხვედრა პარლამენტის შენობაში, რა დროსაც გავრილოვი სპიკერი სავარძელში ჩაჯდა. ამას ჯერ ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი, შემდეგ კი 20 ივნისის საპროტესტო აქცია, რომელიც დარბევით დასრულდა. 

ცნობისთვის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი ორგანოა, რომელმაც საქმიანობა 2000 წლის 1 ივლისს დაიწყო. კომისია ექვსი წლის ვადით არჩეული ხუთი წევრისგან შედგება. კანონის მიხედვით, კომისია, კომისიის წევრები და კომისიის აპარატის თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს.

წევრობის მსურველი 5 პირიდან მთავრობის ადმინისტრაციამ სამი უნდა შეარჩიოს და სია პრეზიდენტს წარუდგინოს. სამი დღის ვადაში, პრეზიდენტი მთავრობას სიას უბრუნებს თანახელმოწერისთვის. ამის შემდეგ, მთავრობა კანდიდატებს პარლამენტს წარუდგენს. წარდგენილი კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება თუ იგი მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევრის ხმებისა.

კომენტარები