ნავთობისა და გაზის კორპორაცია

ნავთობის და გაზის კორპორაციის წმინდა მოგება 27%-ით შემცირდა

გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოსადგური
gogc.ge

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 2018 წლის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2017 წელთან შედარებით, კორპორაციის წმინდა მოგება 27%-ითაა შემცირებული და 161.3 მილიონ ლარს შეადგენს. კლების ძირითადი მიზეზი ლარის გაუფასურებით გამოწვეული ნეგატიური ეფექტებია.

7%-ითაა შემცირებული კომპანიის ჯამური შემოსავალი - 2017-ში ეს მაჩვენებელი 671.6 მილიონ ლარს შეადგენდა, 2018-ში კი 623.8-ს.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის 2018 წლის ოპერაციული მოგება 163.3 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით ნაკლებია - 2017 წელს კორპორაციის საოპერაციო მოგება 205.8 მილიონი ლარი იყო. შემცირდა საოპერაციო საქმიანობიდან შემოსული წმინდა ფულადი ნაკადებიც - თუ 2017 წელს ეს რიცხვი 231.9 მილიონ ლარს შეადგენდა, 2018-ში 218.3-მდე შემცირდა.

კომპანიის ჯამური აქტივები კი 2018 წელს 33 მილიონი ლარით გაიზარდა და მილიარდ 693 მილიონ ლარს შეადგენს.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ენერგობაზრის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. კორპორაციის საქმიანობის მიმართულებებია ბუნებრივი გაზის იმპორტი და მაგისტრალური მილსადენების სისტემის გამოყენებით ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, აგრეთვე შვილობილი კომპანიების მეშვეობით ელექტროენერგიის წარმოება და მიწოდება.

 

კომენტარები