დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გაბუნიაზე: ეს რუსთავი 2-ის დასასრულის დასასრულია

ქართული არხი

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის გინებას გამოეხმაურა.  

დეკანოზის თქმით, რუსთავი 2-მა ამ სიუჟეტით მკრეხელობა და სულმდაბლობა გამოავლინა და მზად არის, საკუთარი თავის გადასარჩენად მრავალ ადამიანსა და მთლიანად საქართველოს შეუქმნას პრობლემები. 

"შესაძლოა აქამდე ვინმეს მიაჩნდა, რომ რ2-ისადმი ბოიკოტი მხოლოდ მათი საპატრიარქოსადმი დამოკიდებულებით იყო განპირობებული, თუმცა უკვე ნათელია, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილი და ერთგვარი ფორმაა მთელი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიისა.

საზოგადოებაში ამ გადაცემის გამო გამოწვეული ნეგატიური დამოკიდებულება, შეუძლებელია რაიმე რუსულ ნარატივს მიაწეროს ვინმემ. ამ მცირე სიუჟეტში რ2-მა ქართული კულტურისა და ეთიკისათვის, სრულიად მიუღებელი სულმდაბლობის, გამოვლინება მოახერხა, მკრეხელობაზე მეტი რომ აღარაფერი ვთქვათ.

ეს რ2-ის დასასრულის დასასრულია, დასასრულის დასაწყისი, კი ეკლესიის ღია დისკრედიტაციით დაიწყო,"-წერს დეკანოზი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.  

რუსთავი 2-ის 7 ივლისის "პოსტსკრიპტუმში", გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ, თბილისის მერმა და ქართული ოცნების დეპუტატებმა. ასევე, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ. გარდა ამისა, იმავე ღამეს ტელეკომპანიასთან მოქალაქეების ჯგუფი შეიკრიბა და გადაცემის წამყვანისგან ბოდიში, ასევე, მისი რუსთავი 2-თან წასვლა და პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერდა. 

კომენტარები