საქართველო-რუსეთი

დუმის კომიტეტმა საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვას, იმპორტის შეზღუდვას დაუჭირა მხარი

ლეონიდ სლუცკი
Spektr press

რუსეთის დუმა მთავრობას სთხოვს, რომ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი, ასევე საქართველოში ფულადი გზავნილებიც აკრძალოს. ამის შესახებ ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა დუმის საბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა.

რამდენიმე საათით ადრე ამ წინადადებით პარტია "ერთაინი რუსეთი" გამოვიდა. მას მხარი დაუჭირა პარტიამ "სამართლიანი რუსეთი", "რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია" და "ლიბერალ დემოკრატიული პარტია".

საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ თქვა, რომ აღნიშნულმა კომიტეტმა ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

მისი თქმით, თუ პუტინის გამო უპასუხისმგებლო განცხადებებზე რუსთავი 2-ის ჟურნალისტის მიმართ მთავრობა უფრო მკაცრი ზომების მიღებას გადაწყვეტს, დეპუტატები ამასაც მხარს დაუჭერენ.

სლუცკიმ თქვა, რომ "აუცილებელია მკაცრი რეაგირება, რათა არავინ, არც საქართველოში და მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში გაიმეოროს მსგავსი."

ადამიანის უფლებათა ომბუდსმენის ტატიანა მოსკალკოვას თქმით, გამონაკლისი იქნება "ჰუმანიტარულ" ფულად გზავნილებზე, რომლებიც დაკავშირებულია პენსიებთან ან დიდ ოჯახებთან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 20 ივნისის აქციის შემდეგ საქართველოში ფრენებზე დროებითი აკრძალვა დააწესა. აკრძალვა დღეს შევიდა ძალაში. საქართველოში ჩამოსვლაზე უარის თქმა დაახლოებით 155 ათას რუს ტურისტს მოუწია.

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ "პოსტ სკრიპტუმის" პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რუსულად აგინა. გიორგი გაბუნიას მონოლოგმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ტელეკომპანია რუსთავი2-ის წინ აქცია გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. მონაწილეთა ნაწილი ტელეწამყვანისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა, ნაწილს კი სურდა, რომ გიორგი გაბუნიას საქართველო სერგეი გავრილოვის მსგავსად დაეტოვებინა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მომხდარის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა. გიორგი გაბუნიას გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ და ქართული ოცნების დეპუტატებმა.

კომენტარები