რუსთავი 2

ქანთარია: R2-მა და გაბუნიამ პასუხი უნდა აგონ ქვეყნის მშვიდობისთვის საფრთხის შექმნისთვის

ის, რაც რუსთავი 2-ის ეთერში ვიხილეთ, არის პროვოკაცია, შემაშფოთებელი გზავნილი და მანიაკალური წყურვილი ქვეყნის არევის, დესტაბილიზაციის. ეს არის ნიადაგის შექმნა ქვეყნის საწინააღმდეგო პროვოკაციული ქმედებებისთვის და უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენება.

გაბუნიას ქმედება ცდება ჟურნალისტიკის და ტელეწამყვანის ჩარჩოებს. ტელეკომპანიის ქმედება და კონკრეტული ჟურნალისტის შეფასებები საერთაშორისო დანაშაულის ჭრილში იკვებება და ვფიქრობ, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი ქვეყნის მშვიდობისთვის საფრთხის შექმნისთვის.

ეს კონკრეტული ტელევიზია უკვე დიდი ხანია გამოირჩევა არასახელმწიფოებრივი მიდგომებით და ახლა კი უკვე ყველა ზღვარს გაცდა. რეალურად სახეზე გვაქვს ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი პოლიტიკა დამოუკიდებელი ტელევიზიის საფარქვეშ.

ალბათ, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა და პოლიტიკური პატრონები აცნობიერებენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს და ამიტომ ასეთ მძიმე პროვოკაციასაც არ ერიდებიან. იმედი მაქვს, პროვოკაცია, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და მიზანმიმართულად მძიმე შედეგებზეა გათვლილი, სათანადოდ იქნება შესწავლილი და გამოძიებული

ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია გადაცემა პოსტსკრიპტუმს ეხმაურება, რომლის წამყვანმაც, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ქართული ოცნების დეუტატებმა. საგარეო უწყებამ გაბუნიას გინება პროვოკაციად შეაფასა, რომელიც "რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას" ემსახურება. სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რუსთავი 2-ის და გიორგი გაბუნიას "ქმედებებს შეფასება მისცენ", თბილისის მერმა კი თქვა, რომ მმართველი გუნდი "ამ პროვოკაციას მკაცრი რეაგირების გარეშე არ დატოვებს". საქართველოს მთავრობის განცხადებები მოიწონა რუსეთის საგარეო უწყებამ.

კომენტარები