თბილისი პრაიდი

ბრეგაძე ეკლესიას: თქვენ ხართ უკანასკნელი იმედი, გააკეთეთ განცხადება, ქუდზე კაცი გამოიყვანეთ

სიძულვილის ჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ხვალ, 8 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშს ეხმაურება და ეკლესიას მოუწოდებს გააკეთოს განცხადება და პრაიდის ჩასაშლელად ქუჩაში "ქუდზე კაცი" გამოიყვანოს.

"მივმართავ დედა ეკლესიას, წმიდა სინოდს, მივმართავ უწმინდესს და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორე, მივმართავ მეუფე შიოს, მივმართავ ყველა ეპისკოპოსს და ყველა მეუფეს, სინოდის ყველა წევრს უდიდესი პატივისცემით, უდიდესი მოწიწებით - თქვენ ხართ ჩვენი უკანასკნელი იმედი. გთხოვთ, გააკეთოთ განცხადება და ქუდზე კაცი გამოიყვანოთ ქუჩაში", - ამბობს სანდრო ბრეგაძე ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

მან ასევე აღნიშნა, რომ "სრულ მობილიზაციას აცხადებენ" და დღეს იკრიბებიან, რათა დაგეგმონ "როგორ ჩაშალონ გეი აღლუმი".

ძალადობრივი ჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა ვიდეოში თავისი მობილურის ნომერი გამოაცხადა და ხალხს მოუწოდა შეუერთდნენ. მან ასევე თქვა, რომ უკვე ესაუბრა გია კორკოტაშვილს (რომელიც ძალადობრივი ჯგუფების კიდევ ერთი ლიდერია) და სხვა ადამიანებს და "ისინი უკვე მზად არიან ყველანაირი მოქმედებისთვის, რათა გეი აღლუმი არ ჩატარდეს".

გარდა ამისა, სანდრო ბრეგაძე ჰომოფობ და ძალადობრივი ჯგუფების აქციებში მონაწილე პოლიტიკოსებს მოუწოდებს გვერდზე გადადონ პოლიტიკური განსხვავებები და "არ დაუშვან გეი აღლუმი". მათ შორის ასახელებს პარლამენტის მოქმედ წევრებს - ემზარ კვიციანსა და ირმა ინაშვილს, ნინო ბურჯანაძეს, კახა კუკავას, ასევე, ლევან ვასაძეს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს, გურამ ფალავანდიშვილს და სხვებს.

"ქუდზე კაცი, მთელი საქართველო გარეთ, მთელი საქართველო ქუჩაში. ჩვენ უნდა ჩავშალოთ გეი აღლუმი. ჩვენ უნდა ჩავშალოთ ის საშინელება, რომელიც არის დაგეგმილი, რომელი საშინელებისკენაც ესენი მიდიოდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად. მიდიოდნენ ამ აქციებით, ამ ყველაფრით, რაც ამ დღეებში მოხდა", - ამბობს ბრეგაძე.

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ სულ მარტოც რომ დარჩეს, სიცოცხლეს გაწირავს.

"მარტო ერთ კაცს, სანდრო ბრეგაძეს, რომ მომიწიოს თავის გაწირვა, თავის დადება, სულ მარტო რომ დავრჩე, ერთი კაცი რომ დავრჩე ქუჩაში, არ დავუშვებ გეი აღლუმის ჩატარებას. [...] ჩემი შვილების სიცოცხლეს გეფიცებით, უფალ, მაღალ იესო ქრისტეს გეფიცებით, ყველა წმინდა სალოცავს გეფიცებით, რომ არ დავუშვებ გეი აღლუმის ჩატარებას", - ამბობს ბრეგაძე.

თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ღირსების მარში ხვალ, 8 ივლისს ჩატარდება. უცნობია ღონისძიების ზუსტი დრო და ადგილი. ცნობილია ის, რომ მას არ ექნება საზეიმო ხასიათი და ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად გაიმართება.

კომენტარები