აქცია პარლამენტთან

აქცია "სირცხვილია" ხვალ განახლდება, 6 ივლისს კი, მარში გაიმართება

ტაბულა

პარლამენტთან ანტისაოკუპაციო აქცია-კონცერტი დასრულდა. აქცია "სირცხვილია" ხვალ განახლდება, 6 ივლისს კი, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მარში გაიმართება.

15 დღეა, პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი მართავს აქციას "სირცხვილია". თავდაპირველად, პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის გამო დაიწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა მიტინგი ძალადობრივად დაშალა, მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქცია ოთხი კონკრეტული მოთხოვნით განაახლეს - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, მომდევნო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, გაათავისუფლონ 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულები და დაისაჯონ ის პოლიციელები, ვინც "გავრილოვის ღამეს" ძალას გადაამეტა.

ქართულმა ოცნებამ აქციებიდან რამდენიმე დღეში დააანონსა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარება. ასევე, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა 10 სამართალდამცველს, ხოლო ორის ქმედებებში - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულები გაათავისუფლა. ამ ეტაპზე, დემონსტრანტების მოთხოვნა მხოლოდ გიორგი გახარიას გადადგომაა.

კომენტარები