აქცია პარლამენტთან

თალაკვაძე: 20 ივნისს მოვლენები ვარდების რევოლუციის სცენარით ვითარდებოდა, საჭიროა გამოძიება

ტვ იმედი

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, 20 ივნისის ღამეს მოვლენები "ვარდების რევოლუციის" სცენარით ვითარდებოდა, ამიტომ საჭიროა გამოძიება, რათა გაირკვეს, ვინ იდგა ამ სცენარის უკან.

ტვ იმედის ეთერში მან თქვა; 

"დიახ, დაახლოებით ასეთი [ვარდების რევოლუციის] სცენარი ვითარდებოდა და მე ვფიქრობ, ადეკვატური გამოძიება უნდა მოხდეს, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და ვინ იყო ამის ორგანიზებით დაინტერესებული. 

არ გავუსწრებდი მოვლენებს წინ და დაველოდებოდი გამოძიების შედეგებს. არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც მიაჩნია, რომ შემდგარია, როგორც სახელმწიფო, აქვს კანონმდებლობა და თავისი საზოგადოების უსაფრთხოებას და საზოგადოებაში წესრიგს უზრუნველყოფს, არ დაუშვებდა იმას, რომ ასეთ დროს პოლიციას და სახელმწიფოს გამოეჩინა ისეთი პოზიციები, რაც რეალურად, ამ ძალადობრივ სცენარს და დესტაბილიზაციის სცენარს მიიყვანდა ბოლომდე. მოვძებნოთ მაგალითები, სადაც ასეთი ტიპის აქციები გამართულა დემოკრატიულ სახელმწიფოებში და ვნახოთ, რა რეაგირება იყო სახელმწიფოს მხრიდან. მე გარწმუნებთ თქვენ, რომ არცერთი განვითარებული სახელმწიფო არ დაუშვებდა იმას, რომ ერთ კონკრეტულ ჯგუფს გამოეყენებინა მშვიდობიანი მანიფესტაცია ძალადობისთვის და ძალადობრივი სცენარით შეჭრილიყო პარლამენტში და მოეხდინა რაიმე ტიპის ცვლილება ძალადობით", - თქვა მან. 

ვარდების რევოლიციით შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლა უარყოფით კონტექსტში პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ვიცე პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმაც ახსენეს. მათ 2003 წლის მოვლენებს, 1991 წლის პუტჩს და 20 ივნისის ღამით განვითარებულ მოლენებს შორის ტოლობის ნიშანი დასვეს

20-21 ივნისის ღამის მოვლენების შეფასებისას თალაკვაძემ ასევე თქვა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფდა შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვას, თუმცა, როცა  საფრთხე სახელმწიფო წესრიგსა და უსაფრთხოებას დაემუქრა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და სამინისტრომ მიიღეს ის გადაწყვეტილება და იმოქმედეს ისე, როგორც მათ კანონმდებლობით მოეთხოვებოდათ.

„სახელმწიფომ მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებში, შეკრება-მანიფესტაციის უფლება უზრუნველყო. როგორც კი ეს პროცესი გადაიზარდა ძალადობაში და რაც ყველამ ვნახეთ, იყო ის, რომ ამ აქციის, მშვიდობიანი მანიფესტაციის გამოყენება ცადა გარკვეულმა ჯგუფმა ძალადობრივი სცენარისთვის და პირდაპირ იყო, თითქმის ორსაათიანი შეტევა პარლამენტზე, და ორსაათიანი შეტევა პოლიციის კორდონზე, რომელიც თმენის რეჟიმში იყო თითქმის ორი საათის განმავლობაში. როგორც კი ეს ზომები გახდა არასაკმარისი და როგორც კი საფრთხე დაემუქრა ყველაზე მთავარს, რის დაცვაც ევალება სახელმწიფოს და ეს არის წესრიგი და უსაფრთხოება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მიიღეს ის გადაწყვეტილება და იმოქმედეს ისე, როგორც მათ კანონმდებლობით მოეთხოვებოდათ. ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ვთხოვ ყველას, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი, მესმის მათი განწყობები, ძალიან ვწუხვარ, რომ მოქალაქეები დაზიანდნენ, დაზარალდნენ ამ აქციების შედეგად და გარკვეულწილად, რომ შევხედოთ, ზოგიერთი უპასუხისმგებლო ოპოზიციონერის ქმედებაზე, სამწუხაროდ, ფასის გადახდა მოუხდათ უბრალო მოქალაქეებს“,- თქვა თალაკვაძემ.

უკვე მე-13 დღეა, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი აქციას მართავს. მომიტინგეთა 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან ორი შესრულებულია - მიღებულია 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების საჯარო დაპირება, ასევე, "გავრილოვის ღამეს" დაკავებული ყველა ადამიანი მე-7 დღეს გაათავისუფლეს.

დარჩენილი ერთი მოთხოვნა - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია კვლავ უცვლელია.

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ.

თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები