ჩუგოშვილი: 2 მოთხოვნა უკვე დავაკმაყოფილეთ, გახარიაზე ჩვენი პოზიცია მკაფიოდ გამოვხატეთ

ტვ პირველი

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა აქციის მონაწილეების 2 მოთხოვნა უკვე დააკმაყოფილა: პროპორციული საარჩევნო სისტემა და 20 ივნისის ღამეს დაკავებულების გათავისუფლება.

მისი თქმით, მე-3 მოთხოვნის, გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ მმართველმა გუნდმა უკვე  მკაფიო პოზიცია უკვე გამოხატა და ამ ეტაპზე ვანდალური აქტების და ძალადობის გამოძიებაა მნიშვნელოვანი. 

"აქციის მონაწილეებს ჰქონდათ რამდენიმე მოთხოვნა და ორი ძირითადი მოთხოვნა ამ მოთხოვნებიდან არის დაკმაყოფილებული. ორივე ჩვენთვის და იმედია, მათთვისაც არის ძალიან სერიოზული - ეს შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას და ასევე, ფუნდამენტურ ცვლილებას საარჩევნო სისტემის. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მგონი, საკმაოდ ნათლად, მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია მასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, რაც არის მნიშვნელოვანი და რაც არის აუცილებელი, არის ის, რომ გამოძიებული იქნას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ის ვანდალური აქტები და ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პარლამენტის წინ და შემდგომ მოგვიანებით, გამთენიისას, თბილისის სხვადასხვა წერტილში, ამ ყველაფერზე სამართლებრივი რეაგირება იქნება აუცილებლად და იქნება მკაცრი და ასევე, გამოძიება, შესაძლო ძალის გადამეტების შემთხვევების. 

გახარიამ საკმაოდ ნათლად თქვა, თუ დადგინდება მასიურობა შსს-ის ან პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ან არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტები,ამაზე ის აიღებს პასუხისმგებლობას, თუმცა, მანამდე ეს უნდა დადასუტრდეს", - თქვა ჩუგოშვილმა. 

20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, უკვე მე-10 დღეა, მოქალაქეები საპროტესტო აქციებს მართავენ. მათი სამი მოთხოვნიდან 2-ის შესრულების პირობა გაცემულია. შეუსრულებელი რჩება ერთი - გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა. 

მმართველი გუნდის წევრები, ისევე როგორც გიორგი გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისი გადაგომის საჭიროება არ დგას. 

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი.

უკვე 10 დღეა, რაც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი აქციას მართავს. მომიტინგეთა 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან ორი შესრულებულია - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს და "გავრილოვის ღამეს" დაკავებული ადამიანები მე-7 დღეს გაათავისუფლეს. დანარჩენი ერთი მოთხოვნა - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია. 

კომენტარები