ელტონ ჯონი

ელტონ ჯონი პუტინს: თვალთმაქცობაა, როდესაც ამბობთ რომ გსურთ ლგბტ პირების ბედნიერება

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა Instagram-ზე დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს "მტკიცედ" არ ეთანხმება, რომელმაც თქვა, რომ "ლიბერალური იდეა მოძველდა და ის კონფლიქტშია მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებთან". 

მუსიკოსი პუტინს მიმართავს:

"მე ღრმად შეწუხებული ვიყავი, როცა თქვენი ბოლო ინტერვიუ წავიკითხე Financial Times- ზე. მკაცრად არ ვეთანხმები თქვენს აზრს, რომ ჩვენს საზოგადოებაში მოძველებულია მულტიკულტურული და სექსუალური მრავალფეროვნების პოლიტიკის გატარება. ორსახოვნებად მივიჩნევ თქვენს ნათქვამს, რომ გინდათ, რომ ლგბტ ადამიანები ბედნიერები იყვნენ და რომ თქვენ ამასთან პრობლემა არ გაქვთ. ამავდროულად, რუსმა დისტრიბუტორებმა ჩემი ფილმისთვის "როკეტმენი​​" ცენზურა დაადეს. ფილმიდან ამოშალეს მონაკვეთები, სადაც ჩანს, რომ დევიდთან ერთად ვიპოვე ბედნიერება, რომ 25 წელია ერთად ვართ და რომ ორი არაჩვეულებრივი ვაჟი გვყავს, რომლებიც ერთად გავზარდეთ. ეს თვალთმაქცობაა თქვენი მხრიდან",- წერს ელტონ ჯონი. 

მისივე თქმით, ის ამაყობს იმ ადგილით სადაც ცხოვრობს, რადგან შეუძლია ბედნიერი და თავისუფალი იყოს ოჯახთან ერთად.

"მე გულწრფელად ვარ მადლიერი მთავრობის პოლიტიკის წინსვლისთვის, რომელმაც მისცა და ლეგალურად მხარი დაუჭირა ჩემს ქორწინებას დავითთან. ამან მოგვცა უზარმაზარი კომფორტი და ბედნიერება",- წერს მუსიკოსი. 

 

კომენტარები