გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია 28 ივნისს, 19:00-ზე განახლდება

საქართველოს შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია, სახელწოდებით "სირცხვილია", რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დღეს, 28 ივნისს, 19:00 საათზე განახლდება.

"პროტესტის მე-9 დღე - ამ დღეების განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ არ ვიღლებით, ჯიუტები და მართლები ვართ!

გუშინ, მამუკა ბახტაძემ და გიორგი გახარიამ არაერთხელ ახსენეს, რომ "გავრილოვის ღამეს" გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური! და რომ ტყვიები, რომლითაც ხელებაწეულ დემონსტრანტებს ესროდნენ, იყო მისაღები.

გუშინ, შს მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ გამოძიების დამთავრებამდე არსად წასვლას არ აპირებს. ანუ, საქმეს იძიებს გახარიას უწყება მისივე ხელმძღვანელობით და არ შეიძლება, რომ ეს დავუშვათ!

გახარია არის მხარე, ბრძანების გამცემი და მისივე თქმით, ყველაფერზე პასუხისმგებელი, ამიტომ, არ შეიძლება, მხარე იძიებდეს რამეს სამართლიანად. შს მინისტრი უნდა გადადგეს!

დღეს, 19:00-დან, ისევ მოვიდეთ ქვეყნის სამსახურში და კიდევ ერთხელ, მოვითხოვოთ გიორგი გახარიას გადადგომა!" - წერია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

აქციის მონაწილეები მე-9 დღეა პარლამენტთან პროტესტს აგრძელებენ. მათ პროტესტის დაწყების დღიდან სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ - შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა, რომელსაც პასუხისმგებლობას აკისრებენ გავრილოვის ღამეზე, ყველა დაკავებულის გათავისუფლება და 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება. სამი მოთხოვნიდან დასაკმაყოფილებელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომაღა დარჩა.

კომენტარები