საპროტესტო აქცია პარლამენტთან

სირცხვილია! - პროტესტის მერვე დღე პარლამენტთან

"პროტესტის მერვე დღე - პარლამენტთან საპროტესტო აქცია "სირცხვილია!" განახლდა. 

"ყოველდღე, 19:00-დან, პარლამენტის წინ ერთი მიზნისთვის ვიკრიბებით, რომ ვიცხოვროთ უკეთეს, სამართლიან და თავისუფალ ქვეყანაში, სადაც არავის შეეშინდება საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და სადაც ვერცერთი მთავრობა ვერ გაბედავს ოკუპანტი მტრების ჩვენს ქვეყანაში შემოშვებას.

მე-8 დღეა, რაც პროტესტის მუხტი არ ნელდება, არ ვიღლებით და არ ვნებდებით, რადგან გვესმის, რომ ჩვენი მთავარი მისია ახლა ქვეყნის სამსახურში დგომაა.

ყოველდღე ეწყობა საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებსა თუ სოფლებში. ადამიანების ნაწილმა მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას და შიმშილობს.

ჩვენ, ყველანი ერთად მოვითხოვთ დარჩენილი მოთხოვნის შესრულებას:

შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას!

ამიტომ, ვიდგებით ერთად და მშვიდობიანად მანამ, სანამ ჩვენი სრულიად კანონიერი მოთხოვნა არ შესრულდება!"- წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აქციის მონაწილეებს პროტესტის დაწყების დღიდან სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ - შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა, რომელსაც პასუხისმგებლობას აკისრებენ გავრილოვის ღამეზე, ყველა დაკავებულის გათავისუფლება და 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება. 

კომენტარები