საპროტესტო აქცია პარლამენტთან

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

ლაშა ჩხარტიშვილი

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავა. ჩხარტიშვილის დაკავების ფაქტი ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. 

როგორც უწყებაში განგვიცხადეს ჩხარტიშვილის სამართალდამცავები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. საქმე 166-ე და 173-2 მუხლებით მიმდინარეობს. საპროტესტო აქციას პარლამენტის წინ რამდენიმე საზოგადოებრივი მოძრაობა მართავს. 

დემონსტრანტები სოლიდარობას უცხადებენ მალხაზ მაჩალიკაშვილს და გარემოვაჭრეებს. შეგახსენებთ, რომ 30-31 დეკემბერს თბილისის მერიამ პარლამენტის წინ მდებარე საპროტესტო კარვები ძალის გამოყენებით აიღო და ადგილზე საახალწლო ატრაქციონები დაამონტაჟა. წინა დღეებში დაძაბულობა შეიქმნა გარემოვაჭრეებთანაც, რომლებიც საქმიანობას რესპუბლიკის მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდნენ. 

მერიამ გარემოვაჭრეებს პარლამენტის წინ გადასვლა შესთავაზა, თუმცა მოვაჭრეების ნაწილმა მალხაზ მაჩალიკაშვილთან სოლიდარობის ნიშნად ადგილმდებარეობის შეცვლაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება ლაშა ჩხარტიშვილს ბოლო თვის განმავლობაში იგი უკვე მეორედ დაააკავეს. 

წინა შემთხვევაში ჩხარტიშვილის სასამართლომ 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. კარვების აღების ღამეს დააკავეს სხვა აქტივისტებიც, მათ შორის ნოდარ რუხაძე, ზუკა ბერძენიშვილი. 30-31 დეკემბერს დაკავებული აქტივისტების საქმეს სასამართლო მომდევნო დღეებში განიხილავს.

კომენტარები