კომპოზიტორი ნადარეიშვილი: რევოლუციას რომ აწყობთ, ან თვალს დაკარგავთ, თავიც შეიძლება დაგორდეს

International Animation Film Festival "Nikozi"

​კომპოზიტორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი ზურაბ ნადარეიშვილი გავრილოვის ღამის შესახებ საუბრისას აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიმართავს, რომ როცა რევოლუციას აწყობენ, უნდა იცოდნენ, რომ ან თვალი დაეკარგებათ, "ან საერთოდ თავიც შეიძლება მოძვრეს ვინმეს და დაგორდეს!".

ზურა ნადარეიშვილი ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებლის პოსტის კომენტარში წერს:

"როცა ახალგაზრდები რევოლუციას აწყობთ, უნდა იცოდეთ, ჩემო კარგო, რომ ან თვალი დაგეკარგებათ, ან საერთოდ თავიც შეიძლება მოძვრეს ვინმეს და დაგორდეს! აბა, როგორ გინდათ?! რევოლუციაც და თან არაფერი გეტკინოთ?! ასე სად არის? დავდო ახლა აქ პარიზში დასახიჩრებული მწვანეჟილეტიანების სურათები? დაგუგლეთ და ნახეთ. გადადგა საფრანგეთის მთავრობა? იქნება არჩევნები და ვინც გადასაყენებელია - გადააყენეთ. ასეთია წესი. თუ უწესოდ იქცევით, მზად უნდა იყო, რომ რაღაცას იტკენ!", - წერს ის.

კითხვას, დააფიქსირა თუ არა პოზიცია სახელმწიფო კონსერვატორიამ აქციის დარბევის შესახებ, კომპოზიტორი პასუხობს, რომ კონსერვატორია არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომ განცხადებები აკეთოს მიმდინარე მოვლენებზე.

"იქ თავისუფალი ადამიანები მუშაობენ, ზოგი მიტინგზე წავა და ზოგი სახლში, მათი ნებაა!", - აღნიშნავს ზურა ნადარეიშვილი.

ამავე პოსტის კომენტარებში ის წერს, რომ უამრავი კომპანია რუსეთს აქვს ნაყიდი და ეს მაშინ მოხდა, როცა ის ხალხი იყო ხელისუფლებაში, რომლის დაბრუნება ახლა აქციის მონაწილეებს რევოლუციით სურთ. მისი თქმით,ოკუპაცია სწორედ მაშინ მოხდა და "მაშინ არ მოგდომებიათ პარლამენტში შევარდნა".

"ჰო, უამრავი კომპანია რუსეთს აქვს ნაყიდი! დღეს გაიგეთ ხო ეს ამბავი! როდის აქვს ნაყიდი, იკითხეთ მერე! აი, ეს ხალხი რო იყო ხელისუფლებაში, ვისი მოყვანაც ახლა გინდათ რევოლუციით, მაგათ დროს! და ეს ოკუპაციაც, ახლა რო გაგახსენდათ რატომღაც, ეგეც მაგათ დროს მოხდა და მაშინ არ მოგდომებიათ პარლამენტში შევარდნა - ეს რა გაგვიკეთეთო! ეგ არის ცრუქაქუნა, ნაცური პატრიოტიზმი და ვერანაირად ვერ მოხდება ხელისუფლების შეცვლა ისე, როგორც თქვენ გინდათ. იმიტომ, რომ სხვა ადამიანებიც ცხოვრობენ ამ ქვეყანაში იმათ გარდა, ვინც იქ დგას მოედანზე! მიშა მშვილდაძის მადლი გფარავდეთ!", - წერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

ტაბულა დაუკავშირდა კომპოზიტორს და ჰკითხა, ნამდვილად მან დაწერა თუ არა ეს კომენტარები. მან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა, თუმცა დაადასტურა, რომ ფეისბუქ გვერდი მას ეკუთვნის და კომენტარებიც მისი დაწერილია.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის, ორმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. ერთი კვირაა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ. მმართველი გუნდი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება, ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა.

კომენტარები