WizzAir

ფრანკფურტი, პოზნანი, ვენეცია, სტოკჰოლმი, ნეაპოლი - Wizzair ქუთაისიდან 12 მიმართულებას ამატებს

WizzAir

ავიაკომპანია WizzAir-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

"ინტენსიური მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და დღეს ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას“, - თქვა ნათია თურნავამ.

ქუთაისის აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 12 ახალი ავიამიმართულებით იფრენს შემდეგ ქალაქებში - ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, პოზნანი, ვენეცია,ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ჰერაკლიონი, ტურკუ .

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ქუთაისის აეროპორტიდან შვიდი ახალი ავიამიმართულებით (პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენი) პირდაპირი ფრენები წლის ბოლომდე დაიწყება, დანარჩენი მიმართულებებით კი (სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა, ჰერაკლიონი), რეისები 2020 წლის ზაფხულიდან შესრულდება.

"ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მივიღოთ დამატებით ევროპელი ტურისტი. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ფინეთისა და შვედეთის მიმართულებით, პირველად ისტორიაში, გვექნება პირდაპირი ფრენები. როგორც იცით, სკანდინავიაში საქართველოს მონახულების მიმართ მზარდი ინტერესია და აქედან გამომდინარე, შევძლებთ, რომ ამ ქვეყნებიდანაც მივიღოთ ტურისტები. ეს არის შედეგი რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკების, რომელიც წარმატებით დასრულდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ახალი ფრენებისთვის, Wizz air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდებს დაამატებს.

Wizz Air ქუთაისიდან უკვე დაფრინავს პარიზის, რომის, ათენის, ბარსელონას, პრაღის, ბუქარესტის, ვარშავის, კატოვიცეს, ბერლინის, დორტმუნდის, მემინგემის, ვილნიუსის, ლარნაკას, ბუდაპეშტის, თესალონიკის, მილანის, ლონდონის, ვროცლავის, ვენის, რიგის და გდანსკის მიმართულებით. სექტემბრიდან, პირდაპირი რეისები შესრულდება ბრიუსელში, კოპენჰაგენში, ბაზელში, ბარიში, ტალინსა და ეინდჰოვენში. ხოლო ოქტომბრიდან - კრაკოვში.

კომენტარები