საქართველო-რუსეთი

TBC: საჭიროების მიხედვით, ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულ კლიენტებს მხარს დავუჭერთ

TBC ბანკი აცხადებს, რომ კლიენტებს, რომლებიც ტურიზმის ინდუსტრიაში საქმიანობენ, საჭიროების მიხედვით მხარს დაუჭერს. TBC ვლადიმირ პუტინის ბრძანებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, 8 ივლისიდან საქართველოში რუსული ავიაკომპანიების ფრენები აიკრძალა.

"ფრენების აკრძალვა მოკლევადიან პერპექტივაში შეიძლება უარყოფითად აისახოს ტურიზმში მომუშავე ქართული კომპანიების საქმიანობაზე.

თიბისი ბანკი მზად არის თითოეულ კლიენტთან და პარტნიორთან, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში საქმიანობს, ინდივიდუალურად იმუშაოს და მათ საჭიროების მიხედვით მხარდაჭერა გაუწიოს.

შესაბამისი შეხვედრები ბანკში ორშაბათიდან, 24 ივნისიდან დაიწყება“, - აცხადებს TBC. 

რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. თუმცა უცნობია რა პერიოდს მოიცავს ეს "დროებითი" ზომა. პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, მიიღონ ზომები საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების და მათი ბარგის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისთვის.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების გამო, დაიწყო კამპანია "დაისვენე საქართველოში". ასევე, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად, დააფინანსებს 10 ჩარტერულ რეისს უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით.

კომენტარები