აქცია პარლამენტთან

კორტნი: მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ მეტი ძალა გამოიყენა, ვიდრე ეს საჭირო უნდა ყოფილიყო

tvfree.ge

საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უილიამ კორტნიმ ამერიკის ხმასთან პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე ისაუბრა.

"აქციის მონაწილეების სიმრავლის და მათ შორის ბევრი დაშავებულის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანი და სასწრაფოა ის, რომ საქართველოს მთავრობა, დემონსტრანტები და სამოქალაქო საზოგადოება ერთად დასხდეს და მათ შორის გონივრული დიალოგი გაიმართოს. იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება. დემონსტრაციები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობას საკუთარი პოლიტიკის სამოქალაქო საზოგადოებასთან კომუნიკაციაში გარკვეული ხარვეზები აქვს. იმედი მაქვს, ეს დიალოგი დაძაბულობას განმუხტავს." თქვა მან.

უილიამ კორტნის ასევე მიაჩნია, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მასპინძლობა უჩვეულო გადაწყვეყილება იყო და ამასთანავე მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტება მოხდა:

"გულწრფელად გითხრათ, საქართველოს პარლამენტის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მასპინძლობა უჩვეულო გადაწყვეტილება იყო. პარლამენტების უმრავლესობა მსგავს გარეშე ღონისძიებას არ დაუშვებდა. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ასეთი რამ არასდროს მსმენია. რაც შეეხება პარლამენტის სპიკერის გადადგომას, თავიდან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მთავრობა ცვლილებებისთვის მზად არ იყო. თუმცა, შემდეგ, აქციის მონაწილეების და სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლის გათვალისწინებით, მთავრობამ რიგ დათმობებზე წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს რა თქმა უნდა, სწორი ნაბიჯი იყო. ხელისუფლებამ ასევე უნდა გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ [აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ] იმაზე მეტი ძალა გამოიყენა, ვიდრე ეს მოცემულ მომენტში საჭირო უნდა ყოფილიყო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, რომ მხარეებს შორის დიალოგი შედგეს. ის შეამცირებდა როგორც საკამათო საკითხებზე პოლარიზაციას, ასევე მომავალში - საპროტესტო აქციების ძალადობრივი ხასიათის რისკებს."

მან ხაზი გაუსვა, რომ ჟურნალისტებს საპროტესტო აქციებზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეთ:

"დემოკრატიულ საზოგადოებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს საპროტესტო აქციებზე საკუთარი მოვალეობის შესრულება სასიცოცხლო რისკების გარეშე შეეძლოთ. როცა ძალადობას აქვს ადგილი, მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭება. მათ საგანგებო ზომები უნდა მიიღონ, რომ დაიცვან ჟურნალისტები და მათი უსაფრთხოება უზრუნველყონ." თქვა მან.

კომენტარები