20 ივნისის აქცია

შს მინისტრის მოადგილე: დაკავებულია აქციის 305 მონაწილე, ძალადობრივ ინციდენტებს შევისწავლით

ტბელ აბუსერიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, 20 მაისს პარლამნეტთან მიმდინარე აქცია გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგალებს და მიიღო აშკარად ძალადობრივი ხასიათი.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლწესრიგის მასობრივ დარღვევას, რაც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. 

ბორცვაძე ამბობს, რომ პარლამენტის შენობაში შეჭრის თავიდან აცილების, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის, აქციის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნების, პოლიციელებზე თავდასხმის მოგერიების და მართლწესრიგის ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები - ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი.

"ამასთან, აღნიშნული საშუალებების გამოყენება განხორციელდა თანმიმდევრულად, მომდინარე საფრთხეების პროპორციულად. სამართალდამცავებმა, ძალადობრივი წინააღმდეგობის გასანეიტრალებლად, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მას შემდეგ, რაც აღნიშნული საშუალებით წინააღმდეგობის დაძლევა და მართლწესრიგის ჯგუფური დარღვევის აღკვეთა გახდა შეუძლებელი, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა სხვა სპეციალური საშუალებები - არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი", -ამბობს ბორცვაძე. 

მისივე თქმით, აქციის მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღეს, როგორც აქციის მონაწილეებმა, ისე სამართალდამცავებმა. განადგურდა საპოლიციო ტექნიკაც. დაზარალებულების ნაწილი მკურნალობას აგრძელებს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

"მიუხედავად გამოყენებული საშუალებებისა, აქციის მონაწილეთა აგრესიული ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდა სამართალდარღვევას. მათ გამთენიისას გაანადგურეს პოლიციის და მოქალაქეთა ავტომანქანები და დაარბიეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კერძო საკუთრების ობიექტები. სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე",- ამბობს ბორცვაძე. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ცნობით, უწყებამ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

"გამოძიება შეისწავლის თითოეულ ძალადობრივ ინციდენტს. ასევე, სამართლებრივი შეფასება მიეცემა იმ პირთა ქმედებას, რომელთა ორგანიზებით და აქტიური მონაწილეობით მშვიდობიანი აქცია ძალადობრივად გარდაიქმნა. ამასთანავე, იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცავთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ცალკეულ კონკრეტულ გადაცდომებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულს შეისწავლის",- აღნიშნა მან. 

20 ივნისს, 19:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქცია გაიმართა. ათასობით ადამიანი რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამოვიდა. აქციას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე ხილვა. გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ქართული მხარის, კერძოდ ქართული ოცნების დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. მას სახელმწიფომ სპეციალური დაცვაც კი გამოუყო.

20 ივნისს ფორუმი პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, გავრილოვი კი პარლამენტის პრეზიდიუმში, თავმჯდომარის სკამზე დაჯდა, რამაც ოპოზიციური დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ჯერ ევროპულის საქართველოს წევრებმა, მოგვიანებით კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა გავრილოვი აიძულეს, პარლამენტის შენობა დაეტოვებინა.

გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა სასტუმრო რადისონში გადაინაცვლეს, სადაც მოქალაქეთა აქცია გაიმართა. რუსმა დეპუტატებმა აეროპორტამდე გზა სირცხვილის კორიდორში გაიარეს.

პარლამენტთან შეკრებილი ადამიანები პასუხისმგებელი პირების, ზაქარია ქუცნაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, გადადგომას მოითხოვდნენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს და ბოთლები ესროლეს. რამდენიმე საათის შემდეგ, მაშინ, როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზით სცადა. აქციის მონაწილეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს, საბოლოოდ კი, შსს-მ აქცია წყლის ჭავლებით დაშალა. აქციიდან წასულ მოქალაქეებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ, მათ შორის თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ დაშავდა 240 ადამიანი, აქედან 80 - პოლიციელი. საავადმყოფოში გადაყვანილი ადამიანებიდან ორმა მხედველობა დაკარგა, რადგან რეზინის ტყვია მოხვდათ თვალში, დანარჩენს კი ოპერაცია ჩაუტარდა. ერთი ადამიანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაშავდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ოპერატორები

კომენტარები