აქცია პარლამენტთან

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი აქციაზე: მოვუწოდებ ხელისუფლებას ჩაატარონ გამოძიება

council of europe

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი დუნია მიატოვიჩი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პარლამენტთან გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს:

"მე ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებოდი გუშინ ძალადობრივ დაპირისპირებას ქართულ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის თბილისში საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ჩატარებასთან დაკავშირებით.

სამწუხაროა, რომ ათობით დემონსტრანტი, ჟურნალისტი და პოლიციელი დაშავდა, ზოგიერთ შემთხვევაში მძიმედ. ვუსურვებ მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას.

მოვუწოდებ ყველა მხარეს თავშეკავებისაკენ და საკითხის მშვიდობიანი დიალოგის გზით გადაჭრისაკენ. ასევე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას ჩაატარონ სწრაფი და ეფექტური გამოძიება განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყონ ძალადობაში პასუხისმგებელი პირების დასჯა და პოლიციას მისცენ ნათელი ინსტრუქციები, რათა გარანტირებული იყოს, რომ ოპერაციები შეინარჩუნებს წესრიგს და ადამიანის უფლებათა დაცვით ჩატარდება." წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს და ბოთლები ესროლეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, რა დროსაც, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა, კვამლი და სუნი მეტრო თავისუფლების მოედნამდე იგრძნობა. სამართალდამცველებმა ისროლეს რეზინის ტყვიებიც, არიან დაშავებულები, როგორც ცრემლსადენი გაზით, ისე რეზინის ტყვიებით, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები. გამოიყენეს წყლის ჭავლიც.

აქცია პარლამენტის შენობასთან რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლის გამო დაიწყო.

დღეს თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები